„ნაციონალური მოძრაობის“ რეზოლუციის პროექტი - „უკრაინაში, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, გენოციდისა და ომის დანაშაულების შესახებ“ ბიუროს ხვალ წარედგინება
„ნაციონალური მოძრაობის“ რეზოლუციის პროექტი - „უკრაინაში, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, გენოციდისა და ომის დანაშაულების შესახებ“ ბიუროს ხვალ წარედგინება

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი – „უკრაინაში, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, გენოციდისა და ომის დანაშაულების შესახებ“ ბიუროს სხდომას ხვალ წარედგინება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რეზოლუციის პროექტის მიღების მიზანია, რუსეთის ფედერაციის დანაშაულებრივი ქმედებების ღიად დაგმობა, ამ ქმედებების შეფასება, მათთვის სამართლებრივი სახელის დარქმევა და მეგობარი სახელმწიფოს, უკრაინის ღიად მხარდაჭერა.

რაც შეეხება დოკუმენტის შინაარსს, მასში აღნიშნულია: „საქართველოს პარლამენტი, ეყრდნობა რა, საჯაროდ ხელმისაწვდომ მტკიცებულებებს, რომლითაც დასტურდება რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე განხორციელებული მასობრივი სასტიკი დანაშაულები, მათ შორის: უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების, ქალებისა და ბავშვების მკვლელობის, წამების, სექსუალური ძალადობისა და ღირსების შემლახველი ფაქტები. აცხადებს, რომ საქართველო კატეგორიულად გმობს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გაუმართლებელი შეჭრა არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევა.

აღნიშნავს, რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე – ქალაქების დასახლებული პუნქტების, საზოგადოებრივ ცენტრების, სამგზავრო სადგურების დაბომბვა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, მშვიდობიან მოსახლეობის მასობრივი მკვლელობა, უკრაინის მოქალაქეების გატაცება და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადასახლება, ნათლად აჩვენებს ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.

გმობს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისა და მათი მოკავშირეების მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე, მათ შორის: ბუჩაში, ირპენში, მარიუპოლში და სხვაგან ჩადენილ ომის დანაშაულებს, გენოციდის აქტებს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევას, ძალადობის აქტებს, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ სხვა დანაშაულებს.

გმობს, რუსეთის ფედერაციის მიერ მარიუპოლში გამოწვეულ ჰუმანიტარულ კატასტროფას. რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალას დღემდე ალყაში ჰყავს მარიუპოლი, არ თანხმდება არაერთ საერთაშორისო შეთავაზებას მშვიდობიანი მოქალაქეებისათვის ჰუმანიტარული კორიდორის გახსნის თაობაზე, ბლოკავს

მოსახლეობისთვის სასმელი წყლის, მედიკამენტებისა და საკვების მიწოდებას. მარიუპოლში, უამრავი მოქალაქეა დაღუპული შიმშილითა და უწყლობით.

აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები უკრაინელების ეროვნული ნიშნით წმენდის ნათელი დადასტურებაა. შედეგად, უკრაინის მილიონობით მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი სამშობლო.

პატივს მიაგებს, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად დაღუპული ყველა მშვიდობიანი მოქალაქისა და უკრაინის დამცველთა ხსოვნას.

პატივს სცემს, უკრაინელი ხალხის გამბედაობასა და გმირობას.

მიესალმება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ უკრაინაში ჩადენილი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ და ომის დანაშაულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებას. ყველა, ვინც პასუხისმგებელია კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულზე, აგრეთვე ომის დანაშაულზე უნდა გასამართლდეს საერთაშორისო სამართლის სტანდარტების დაცვით.

მხარს უჭერს, როგორც გაეროს, ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, რომელსაც კონსტიტუციაში გაცხადებული აქვს ევროატლანტიკური კურსი, დემოკრატიული ქვეყნების ინიციატივებს გააერთიანონ ძალები რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებასა და დანაშაულის გამოძიებაში.

მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს გენოციდს.

საქართველოს მძიმე გამოცდილების და მშვიდობის დამყარების სასიცოცხლო მნიშვნელობის სრულფასოვანი გააზრებით, ურყევ სოლიდარობას უცხადებს თავისუფალ, გმირ უკრაინელ ხალხსა და უკრაინის დემოკრატიულ, სუვერენულ სახელმწიფოს“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.