„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს ცოცხებითა და ყავარჯნებით დახვდნენ კახეთსა და გორშიც
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს ცოცხებითა და ყავარჯნებით დახვდნენ კახეთსა და გორშიც

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, რომლებიც თბილისში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მოემართებიან, მოქალაქეები კონტრაქციითა და პერფორმანსით დახვდნენ.

აქციის მონაწილეები ცოცხებზე დამაგრებული მეგის ქარდავას ფოტოებით და ყავარჯნებით თბილისი-ვაზიანი- თელავის საავტომობილო გზაზე შეიკრიბნენ და თბილისში, აქციაზე მომავალ ავტომანქანებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. მათი განმარტებით, ცოცხი და ყავარჯენი არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და სიმბოლო, რადგან სწორედ მათი რეჟიმის დროს ხდებოდა პატიმრების გაუპატიურება და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები.

სირცხვილის კორიდორი მოქალაქეებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე წამსვლელებს გურჯაანშიც მოუწყეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ბოტკოველმა კონტაქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის ხელისუფლების ხელწერა.

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება. დარწმუნებული ვარ, დამფრთხალი და შეშინებული ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს და ამით უფრო კარგად წარმოაჩენს საკუთარ სახეს. ჩვენ ვიქნებით დროშებით, „ქართული ოცნება“ იქნება ცოცხებით“, – განაცხადა ბოტკოველმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს ცოცხებითა და ყავარჯნებით დახვდნენ გორშიც.

დღესვე მსგავსი აქცია გაიმართა ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზეც.