„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომლებიც თბილისში დაგეგმილ აქციაზე მიემართებიან, ზუგდიდი-თბილისის მაგისტრალზე ცოცხებითა და ყავარჯნებით დახვდნენ [ვიდეო]

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, რომლებიც სხვადასხვა რეგიონიდან თბილისში დაგეგმილ აქციაზე მიემართებიან, ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე ცოცხებითა და ყავარჯნებით დახვდნენ.

აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილმა ცოცხები ავტომანქანების მიმართულებით მიმართულებითაც ისროლა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეებს შორის ზუგდიდის საკრებულოს წევრებიც არიან.

თავად აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ცოცხები „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობის სიმბოლოა. მათივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უშუალო დაკვეთით განხორციელებულ რეპრესიებს ასობით ადამიანი შეეწირა, მათ შორის ახალგაზრდები, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს არ აქვთ მორალური უფლება, მოითხოვონ დამნაშავის გათავისუფლება.

აქციაზე მყოფი პირები და ავტომანქანებში მყოფი აქტივისტები ერთმანეთს რამდენჯერმე სიტყვიერადაც დაუპირისპირდნენ.