„ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის შტაბის აღმასრულებელი მდივანი თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა
„ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის შტაბის აღმასრულებელი მდივანი თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის შტაბის აღმასრულებელი მდივანი ფირუზ გელაშვილი, რომლის ოჯახის წევრებსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა.

ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ გელაშვილი რამდენჯერმე გააფრთხილეს და მისცეს რეკომენდაცია თვითიზოლაციაში ყოფილიყო, თუმცა ის მითითებებს არ დაემორჩილა, რის შედეგადაც ჯანდაცვის ცენტრმა დამხარებისთვის პოლიციას მიმართა.

ფირუზ გელაშვილი კი აცხადებს, რომ მას კოვიდდადასტურებულ ოჯახის წევრებთან შეხება არ ჰქონია და მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ყოფილიყო იზოლაციაში მაშინ როდესაც წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არის ჩართული.

„დამაჯარიმა ორი ათასი ლარით, გადავედი იზოლაციაში. არ მაქვს კონტაქტი არავისთან. რეკომენდაცია იყო, რომ თვითიზოლაციაში უნდა ვყოფილიყავი, თუმცა მიზეზი, რატომ უნდა ვყოფილიყავი, ვერ მითხრეს. მეუბნებიან, რომ დედაშენს აქვს, შენი ოჯახის წევრია და იზოლაციაში უნდა გადახვიდეო. 20 დღეა, კონტაქტი არ მქონია. ისინი ცხოვრობენ რუსთავში“, – განაცხადა ფირუზ გელაშვილმა.

ამასთან, ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე აცხადებს, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის შტაბის ოჯახში იზოლაციისთვის საჭირო პირობები არ არსებობს.

„დღეს მე პირადად ვიყავი მის საცხოვრებელ სახლში, სადაც იზოლირების არავითარი საშუალება არ არსებობს, რომ ოჯახის წევრებისგან იზოლირებული ყოფილიყო. არჩევნებში უნდა მივიღო მონაწილეობა აუცილებლად და უნდა ვიაროო. საარჩევნო უბანში ჩემი საქმე ბოლომდე უნდა ვაკეთოო“, – განაცხადა ნუნუ ნოზაძემ.