„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულები მე-12 დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციას გამართავენ
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულები მე-12 დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციას გამართავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულები და მათი ოჯახის წევრები დღეს, 14:00 საათზე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციას გამართავენ.

დაზარალებულების განცხადებით, აქციის მიზანია საზოგადოებისთვის ყოფილი ხელისუფლების რეჟიმის მოქმედებების შეხსენება.

როგორც მათ დღეს, რესპუბლიკის მოედანზე მედიასთან საუბრისას აღნიშნეს, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის და დამნაშავეა.

„არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ პოლიტპატიმრად მოინათლოს მიხეილ სააკაშვილი, ის არის სერიოზული დამნაშავე, ყველაზე დიდი დამნაშავე იმ უბედურებაში, რაც ქვეყანაში დაატრიალა. დღემდე არ აცდიან ქვეყანას განვითარების საშუალებას, წინსვლას და მუდმივ ჭიდილში ვართ. ჩვენნაირი გაუბედურებული ოჯახების მხოლოდ მცირე ნაწილია აქ ახლა. გვინდა, რომ გავიხსენოთ და გაიხსენონ, რამდენი უდანაშაულო ადამიანი ჩადეს მიწაში“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა.

სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ადამიანების გარკვეულ ჯგუფს მოკლე მეხსიერება აქვს.

„როგორც გაირკვა, რაღაც ჯგუფი არსებობს საქართველოში, ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს, ან წარსული არ უნდა, რომ ახსოვდეს; არ უნდა, რომ დაინახოს აწმყო, ვერ ფიქრობს, მომავალში რა შეიძლება, იყოს. ყველამ კარგად დავინახეთ, რა ხდება დღევანდელ დღეს საქართველოში. პოლიტპატიმარი ვარ და პოლიტპატიმრები არიან ეს ადამიანები, ვინც ჩემს გვერდით დგას. რამდენიმე პოლიტპატიმარმა გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა ეს აქცია და ხალხისთვის გაგვეხსენებინა, ვინ არიან პოლიტპატიმრები და ამ ხალხმა რა წამება გაიარეს“, – აღნიშნა თორნიკე მოლაშვილმა.

დატოვე კომენტარი