„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტ არიფ იუსუბოვს 4 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტ არიფ იუსუბოვს 4 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტ არიფ იუსუბოვს აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.

პროკურატურა იუსუბოვის მიმართ 5 000-ლარიან გირაოს, ხოლო ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების გარეშე მის გათავისუფლებას ითხოვდა.

საქართველოს პროკურატურამ საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტისას ორი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ა.ი-ს  ბრალდება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) გუშინ ორ ეპიზოდზე წარუდგინა.

სამართალდამცველებმა ა.ი. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 ოქტომბერს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ნახიდურში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციელებს და არ მისცეს მისი დაკავების საშუალება, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება. მოგვიანებით, არიფ იუსუბოვი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.

დატოვე კომენტარი