"ნაციონალური მოძრაობის" აქციაში რეგიონებიდან ჩამოყვანილი აქტივისტებიც მონაწილეობენ
"ნაციონალური მოძრაობის" აქციაში რეგიონებიდან ჩამოყვანილი აქტივისტებიც მონაწილეობენ

თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები სხვადასხვა რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ. როგორც პირველი არხის ჟურნალისტს სამარშრუტო ტაქსის ერთ-ერთმა მძღოლმა განუცხადა, პარტიული აქტივისტები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოიყვანეს – კასპი, ქუთაისი, ქობულეთი, გურია, აბაშა, ზესტაფონი და სხვა.

სამარშრუტო ტაქსები ელბაქიძის აღმართზე დგანან.

აქციის ზოგიერთი მონაწილის განცხადებით, არიან დაქირავებული აქტივისტებიც.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ მხარდამჭერები დედაქალაქში საკუთარი ხარჯით ჩამოვიდნენ.

„აქ არ არიან მხოლოდ თბილისიდან მხარდამჭერები, ჩვენი მომხრეები ჩამოვიდნენ რეგიონებიდანაც. ისინი საკუთარი ხარჯით ჩამოვიდნენ და ჩვენ არ დაგვიფინანსებია მათი ორგანიზებული ჩამოსვლა. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ჩასვლას კიევში, მაგალითად გუშინ გიორგი კარბელაშვილი არ შეუშვეს უკრაინაში, რაც ნიშნავს, რომ პოროშენკოს უკვე ყველასი ეშინია. უნდა დასრულდეს ოლიგარქების პარპაში 21 საუკუნეში“,- აღნიშნა წიკლაურმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარეობს.