„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაცია მალხაზ თავდგირიძის გადადგომაზე განცხადებას ავრცელებს – გუშინ ვიხილეთ ადამიანის მორალური დაცემის კიდევ ერთი მაგალითი

14:44, 19.10.2022

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაცია ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის მალხაზ თავდგირიძის მიერ თანამდებობისა და პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გუშინ ადამიანის მორალური დაცემის კლასიკური მაგალითი იხილეს.

„გუშინ ჩვენ ვიხილეთ ადამიანის მორალური დაცემის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი. რუსული ინტერესების მსახური კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც მხოლოდ პირობითად შეიძლება, ერქვას ხელისუფლება, პიროვნების განადგურებით ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება. ზნეობისა და ფასეულობებისაგან დაცლილი ადამიანების მეშვეობით ქმნიან იმ ნიადაგს, რომელიც ჩვენს მომავალ თაობას უსპობს პერსპექტივას და ქვეყანას მიაქანებს უფსკრულისკენ.

ივანიშვლის „ნამესტნიკური“ რეჟიმის სატკივარს დიდი ხანია აჭარის „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის ფლაგმანი ორგანიზაცია. ამიტომ ორკესტრირებულად, დეზინფორმაციის მეშვეობით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და პარტიაზე იერიშის მიტანას. თუმცა გვსურს, მივმართოთ თანამოქალაქეებს, რომ ჩვენი ერთგულება იდეებისა და პრინციპების მიმართ ურყევია ისე, როგორც არასდროს. ეს არის ბრძოლა ქვეყნის სუვერენიტეტის გადარჩენისათვის და გპირდებით, რომ ეს ბრძოლა პატრიოტული ძალებისა და ქართველი ხალხის ერთობლივი უპირობო გამარჯვებით დასრულდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მალხაზ თავდგირიძემ თავმჯდომარის პოსტი და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. მალხაზ თავდგირიძის განცხადებით, ამის მიზეზი გახდა შანტაჟი, რომელსაც მის მიმართ თანაპარტიელები და პარტიის ადგილობრივი ლიდერები ახორციელებდნენ.

ამასთან, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობით, მისი პირადი მიმოწერის უკანონოდ გავრცელების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

 

მსგავსი