„ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო ორგანიზაციები თებერვლის ხელფასს ვერ გასცემენ
„ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო ორგანიზაციები თებერვლის ხელფასს ვერ გასცემენ

ხულოს მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო ორგანიზაციები თებერვლის ხელფასს ვერ გასცემენ, – ამის შესახებ ხულოს საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ჯორბენაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით ხულოს მერიის, საკრებულოს და კიდევ რამდენიმე სამსახურის 980 თანამშრომელს ხელფასი არ მიუღია. ირაკლი ჯორბენაძე ამბობს, რომ პრობლემა ბიუჯეტის არამიზნობრივმა ხარჯვამ განაპირობა.

„2004 წლის შემდეგ პირველად, დაფიქსირდა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ვერ გასცემს ხელფასებს. ამას ემატება ისიც, რომ 15 წლიანი ინტერვალის განმავლობაში პირველად, ადგილობრივი ხელისუფლება კომერციული ბანკიდან აპირებს მილიონ ნახევრიანი კრედიტის აღებას ხელფასების დავალიანების გასასტუმრებლად. აღნიშნული პრობლემები წარმოიშვა საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის გამო, რაც დაფიქსირებულია აუდიტის დასკვნაშიც, ამავე დროს გასულ წელს არჩევნებზე ხელისუფლებამ საბიუჯეტო თანხები გამოიყენა „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ჯორბენაძემ.

სიცრუეს უწოდებს ჯორბენაძის განცხადებას ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე. ვახტანგ ბერიძე ირწმუნება, რომ კომერციული ბანკიდან სესხის აღება არასდროს დამდგარა დღის წესრიგში. რაც შეეხება ხელფასების დაგვიანებას, მერის ინფორმაციით, ეს იყო მხოლოდ ტექნიკური შეფერხება.

„ეს იყო ტექნიკური ხარვეზი, ვინაიდან წელს შეიცვალა დაფინანსების წესი და აღარ ვიღებთ გათანაბრებით ტრანსფერს, ხაზინასთან ახალი მიმართვა დაგვჭირდა, რამაც გარკვეული შეფერხება გამოიწვია, თუმცა ხელფასები დღეს და ხვალ გაიცემა აუცილებლად. კომერციული ბანკისგან სესხის აღების ბრალდება კი არის აბსურდი“, – განაცხადა პირველ არხთან ვახტანგ ბერიძემ.

დატოვე კომენტარი