"ნაციონალურმა მოძრაობამ" საკრებულოს სხდომა დატოვა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" საკრებულოს სხდომა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოს სხდომა, სადაც მერიის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და ხელფასი-დანამატის გაერთიანების საკითხებს განიხილავენ, პროტესტის ნიშნად დატოვეს.

საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისის მერიის სტრუქტურული რეფორმა არის ძარცვა კანონის სახელით.

„მე ამ ცვლილებებს დავარქვი ძარცვა კანონის სახელით“ , – ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მერიის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და ხელფასი-დანამატის გაერთიანების საკითხის განხილვისას განაცხადა.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი ხელფასების მომატებაზე ფიქრობს.

“როდესაც გყავთ პენსიონერები, რომელზეც არც თვითმმართველობა და არც ხელისუფლება არ ფიქრობს, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩემი ნათქვამი, რომ საშოვარზე მოსული ხელისუფლება ხართ, ნუ გეწყინებათ. ეს ნიშნავს სწორედ იმას, რომ მხოლოდ ხელისუფლების მაღალჩონოსნებისთვის იმატებს ხელფასები და არც ერთი თეთრით არ უმჯობესდება მრავალი გაჭირვებული ადამიანის მდგომარეობა. რომ გაინტერესებდეთ თქვენ ამ ადამიანების ბედი, მე ჩემს სიტყვებს უკან წავიღებდი. არაფერი არ გაგიკეთებიათ ამ ადამიანებისთვის, გარდა იმისა, რომ ერთი კვირაა ვუსმენთ, თუ როგორ იორმაგებთ ხელფასებს. 100%-ით კი არა 110%-ით არის მერიის მაღალჩინოსნების ხელფასები გაზრდილი. დანამატი არის ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის. როგორ, ნარმანიას დროს მერიის თანამშრომლები ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებდნენ და ეს აბსოლუტურად შეუსაბამო იყო და ახლა კანონმა დაგავალდებულათ, რომ იმ ცუდი ნარმანიას პირობებში, რომელსაც თქვენც აკრიტიკებთ, ის დანამატი უნდა დააკანონოთ? ამას გავალდებულებთ კანონი? ამას ეუბნებით თქვენს ამომრჩეველს და მოქალაქეებს?”- განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.