„ნაციონალური მოძრაობა“ - „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ
„ნაციონალური მოძრაობა“ - „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ

„ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ,  არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ, – ამის შესახებ აღნიშნულია პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ქვეყნის ეროვნული ინტერესია, კრიზისი განიმუხტოს და ამისთვის აუცილებელია, შეწყდეს პოლიტიკური დევნა.

„საქართველოში არსებული მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც თამარ ჟვანიას დათვლებითაც კი, სულ მცირე 1.2 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს და ეს ამომრჩევლის ნახევარზე ბევრად მეტია – დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დგას და ფიზიკურად იცავს ნიკა მელიას, ანუ იცავს სამოქალაქო მშვიდობასა და თავისუფლებას.

„ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, პრემიერ-მინისტრი გადადგა (შედეგად, მთელი მთავრობაც) და მიზეზად დაასახელა, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ ოპერაცია ქვეყანას დესტაბილიზაციისა და რადიკალიზაციისკენ წაიყვანდა.

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებენ, მშვიდობის ფარგლებში დარჩნენ, რიტორიკა შეცვალონ და კრიზისის განმუხტვის გზა მოძებნონ.

ენმ ყოველთვის მოქმედებდა, მოქმედებს და იმოქმედებს სამოქალაქო მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ.

ქვეყნის ეროვნული ინტერესია, რომ კრიზისი განიმუხტოს. ამისთვის აუცილებელია, შეწყდეს პოლიტიკური დევნა და ჩვენ მზად ვართ, კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზის – ვადამდელი არჩევნების შესახებ გავმართოთ მოლაპარაკებები, ფასილიტატორების ჩართულობით“, – ნათქვამია განცხადებაში.