„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის ბიუროს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტს წარუდგენს
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის ბიუროს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტს წარუდგენს

საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობა“ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით დადგენილების პროექტს წარადგენს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს „2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტი, კერძოდ, ვინ გასცა ბრძანება და რის საფუძველზე, ჰქონდათ თუ არა უტყუარი მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოებს“.

პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით. აღნიშნულ ინიციატივას ემხრობა „ევროპული საქართველოც“.

„საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ყველასთვის ცნობილია. ჩვენ გვინდა, შეიქმნას ეს კომისია და რამე წინსვლა მაინც იყოს ამ მიმართულებით, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გვახსენდება უმრავლესობის არც ერთი წევრის არც ცალკე აღებული ინდივიდუალური ან რამე პარტიული განცხადება, სადაც ისინი რამე ფორმით თანაუგრძნობდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილს და როგორც დეპუტატები, რაიმე ფორმით გასცემდნენ სიგნალს ხელისუფლების ან საგამოძიებო სტრუქტურების მიმართ, რომ მოხდეს რამე ობიექტური ნაბიჯების გადადგმა, გამოძიების ან სხვა რაიმე მოქმედების მხრივ. ამიტომ დიდი მოლოდინები უმრავლესობისგან, ცხადია, არ გვაქვს, მაგრამ ვთვლით, რომ ადრე თუ გვიან ეს საქმე აუცილებლად იქნება გამოძიებული და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურთაზ ზოდელავამ.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს მმართველი გუნდი. უმრავლესობის წევრები უმცირესობის მხრიდან აღნიშნული კუთხით პოპულისტურ ნაბიჯებზე საუბრობენ.

„თემირლან მაჩალიკაშვილის საკითხთან დაკავშირებით იცით, რომ არაერთი დისკუსია გამართულა, მათ შორის პარლამენტში დებატები, განცხადებები. ზოგადად, ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი განცხადება გაკეთებულა და მათ შორის, ჩვენი გუნდის პოზიცია არის ცნობილი. რაც შეეხება ოპოზიციის ინიციატივას, რომ საპარლამენტო სივრცეში, საგამოძიებო კომისიის ფორმატში იქნას გადმოტანილი ეს საკითხი, ჩვენ ვნახავთ ამ ინიციატივას, მათ შორის, ბიუროზე, თუკი ეს იქ მოხდება განსახილველად, ცხადია, ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ, მაგრამ ,რა თქმა უნდა, ოპოზიცია იქნება ეს, ნებისმიერი ჯგუფი თუ პერსონა, მათ აქვთ უფლება, პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შესაძლებლობები გამოიყენონ. რაც შეეხება გადაწყვეტილებებს ეს გუნდურად მიიღება და ჩვენ ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, გვექნება გადაწყვეტილება. რაც შეეხება ზოგადად საგამოძიებო კომისიის პრაქტიკას, თქვენ იცით, რომ ჩვენ, მათ შორის, ოპოზიციის მოთხოვნას დავეთანხმეთ, რომელიც ეხებოდა სარალიძის მკვლელობის საქმეს. ოპოზიციამ ჩაიბარა ამ კომისიის მართვა, მენეჯმენტი, წარმართა პროცესი. ხელისუფლება ვმონაწილეობდით, მმართველი უმრავლესობა ამ პროცესში. ეს იყო ძალიან კონსტრუქციული, თუმცა ,რა თქმა უნდა, ამ კომისიამ ვერ დადო იმაზე მეტი შედეგი, ვიდრე საგამოძიებო პროცესმა. ხაზს ვუსვამ იმას, რომ საქართველოს პარლამენტში, ცხადია, უზრუნველყოფილია ყველა ფორმატის მუშაობა, მაგრამ მიზანშეწონილობას რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ ეს ინსტრუმენტი უნდა ამოქმედდეს მაშინ, თუკი სათანადო პასუხებს ვერ სცემს გამოძიება და საგამოძიებო პროცესი. ეს არის უაღრესად სერიოზული საკითხი, სადაც დაუშვებელია შეერიოს პოპულისტური ელემენტები. ძალიან დიდია ცდუნება და სურვილი, რომ ამ საქმეში იყოს ბევრი პოპულისტური ელემენტი, ამიტომ მიმაჩნია, რომ კომისია ვერ შესრულებს თავის მისიას. რაც შეეხება სიმართლის დადგენას, ეს ისევე არის უმრავლესობის და მართველი პარტიის ინტერესი, როგორც მთელი ობიექტურად განწყობილი საზოგადოების“, – განაცხადა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ.