„ნაციონალური მოძრაობა“ ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს დაუჭერს
„ნაციონალური მოძრაობა“ ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს დაუჭერს

„ნაციონალური მოძრაობა“ ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს დაუჭერს. სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერის გადაწყვეტილება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე წუთის წინ, ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ კანდიდატი სამოქალაქო სექტორმა წარადგინა, პარტია მას მხარს დაუჭერს.

მისივე თქმით, ეს მიდგომა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატი არასამთავრობო სექტორის წინადადების საფუძველზე შეირჩა, უნდა დაკანონდეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ინიციატივის იდეით გამოდის.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ომბუდსმენის შერჩევა მოხდეს სამოქალაქო სექტორის მიერ და ამის შემდეგ დამტკიცდეს ამ თანამდებობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გახდეს კანონიერი, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ კანონპროექტს ამზადებს, რომლითაც ეცდება უკვე კანონის ძალა მიეცეს ამ პრინციპს. მომავალში, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს მართვის სადავეებთან, სწორედ ასე უნდა შეირჩეს ქვეყნის მთავარი უფლებადამცველი. ჩვენი ინიციატივაა და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ არ წარმართა ეს პროცესი გამჭირვალედ, მხარს ვუჭერთ სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებულ საერთო კანდიდატს და მიგვაჩნია, რომ არსებობს შანსი მათ მიერ დასახელებული კანდიდატი იყოს მაქსიმალურად სამართლიანი, რასაც ბუნებრივია, გვაჩვენებს მომდევნო პერიოდი. იმ შემთხვევაში, თუკი არ გამართლდა იმედები, გარანტია ბუნებრივია არ გვაქვს, ჩვენ რა თქმა უნდა, ვიტოვებთ უფლებას, პირველივე შემთხვევისთანავე ვიყოთ ძალიან მწვავე კრიტიკაში. აქედან გამომდინარე, რადგან ეს პრინციპი იყო ჩვენი ინიცირებული, მხარს ვუჭერთ მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარმოდგენილ ომბუდსმენის კანდიდატს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.