„ნაციონალური მოძრაობა“ მსუბუქ და ნაკლებად მძიმე დანაშაულებებში მსჯავრდებულების მიმართ ამნისტიის გამოცხადებას ითხოვს
„ნაციონალური მოძრაობა“ მსუბუქ და ნაკლებად მძიმე დანაშაულებებში მსჯავრდებულების მიმართ ამნისტიის გამოცხადებას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე ინიციატივით გამოდის, მსუბუქ და ნაკლებად მძიმე დანაშაულებებში მსჯავრდებულებს ამნისტია შეეხოთ და მყისიერად გათავისუფლდნენ.

სოფო ჯაფარიძის თქმით, ციხეებში კორონავირუსის გავრცელების გამო, პატიმრები მძიმე მდგომარეობაში არიან და არსებული ინფრასტრუქტურის პირობებში დისტანციის დაცვაც კი რთულია.

„ციხეებში არის კოვიდაფეთქება, ჩვენი მოქალაქეები არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ნუ დაგვავიწყდება, რომ ისინი არიან ჩვენი ნაწილი და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობასა და მათი სიცოცხლის გადარჩენაზე. იმ ინფრასტრუქტურის პირობებში, რაც დღეს საპატიმროებში არის, ძალიან რთულია თუნდაც დისტანციის დაცვა. აქედან გამომდინარე, გამოვდივარ ფართო ამნისტიის ინიციატივით, რაც ითვალისწინებს მსუბუქ, ნაკლებად მძიმე დანაშაულებებში მსჯავრდებული ადამიანების მყისიერ გათავისუფლებას. ცხადია, იმ ადამიანების, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, რადგან დღეს ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ თითოეული მათგანის სიცოცხლე. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რა რაოდენობით გვიკავშირდებიან პატიმრის ოჯახის წევრები, შემიძლია, ვივარაუდო,  რომ ეს მასშტაბი არ არის მცირე, ისინი არიან ძალიან ბევრნი და მათ ძალიან სჭირდებათ ჩვენი დახმარება.

ჩვენ ვართ ომში, სადაც დღეს დადგა დრო, რომ მათთვის ციხის კარი გავაღოთ და ამით შევამსუბუქოთ მდგომარეობა. განვტვირთოთ საპატიმროები და გადავარჩინოთ თითოეული მათგანის სიცოცხლე. ეს პრაქტიკა გვანახა ევროპის არაერთმა ქვეყანამ. მაგალითად, ბრიტანეთმა, ნიდერლანდებმა, საფრანგეთმა და ჩვენ ვხედავთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 10 პროცენტით შემცირდა პატიმართა რაოდენობა. ასე რომ, ეს არის ერთადერთი გზა, რითიც შეგვიძლია, მათი სიცოცხლე გადავრჩინოთ“, – აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.

დატოვე კომენტარი