„ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ სესხებზე საშეღავათო პერიოდი კიდევ სამი თვით უნდა გახანგრძლივდეს 
„ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ სესხებზე საშეღავათო პერიოდი კიდევ სამი თვით უნდა გახანგრძლივდეს 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კომერციული ბანკების მიერ სესხებზე საშეღავათო პერიოდის კიდევ სამი თვით გახანგრძლივებას ითხოვს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია დღეს პარტიის წარმომადგენელმა, ნიკა მელიამ გამართა.

მისი თქმით, ეს საკითხი ქვეყანაში 10-დან შვიდ მოქალაქეს მაინც ეხება.

„ხელისუფლება საერთოდ აღარ ჩანს, თუ აქამდე ჰქონდათ იმიტაციის მცდელობა, თითქოს, რამე სახის პროცესს მაინც მართავდნენ, დღეს ვხედავთ, რომ ეს ადამინები დაიკარგნენ და საჭეს ხელი გაუშვეს, თითქოს, აღარ არსებობენ ფიზიკურად ქვეყანაში. სამი თვით იყო დაწესებული საშეღავათო პერიოდი საკრედიტო შენატანებზე, ანუ მოქალაქეებს კრიზისის მძვინვარებისას ვუთხარით, რომ – სამუშაო ადგილები ჩვენ დაკარგვინეთ, ეკონომიკა გავაჩერეთ, ლუკმაპური აღარ გაქვთ, ვერაფრით გეხმარებით და ამიტომ  გეუბნებით, რომ სამი თვით ბანკში აღარ მიხვიდეთ, ანუ თქვენი ვალის მომსახურებისთვის არ დაგჭირდებათ ნერვიულობა“, – განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, სამი თვე იწურება ივნისის დასაწყისში და ყველა მოქალაქეს ექნება ვალდებულება, გადაიხადოს უკვე პროცენტი, ივნისში კი, კიდევ უფრო მეტის გადახდა მოუწევ.

„ისმის კითხვა – როგორ? სამუშაო ადგილები აღადგინეთ, მომსახურეობის სექტორი ყვავის, ეკონომიკა ნელ-ნელა მუშავდება? ყველაფერი გაჩერებულია. მომსახურეობის სექტორი ჩაბეტონებულია, ეკონომიკა დახურულია და ბოქლომი ადევს. ხალხს ივნისის თვიდან რეალურად გადახდა კი არ უნდა მოთხოვოთ, არამედ სიმართლეს თუ ვიტყვით, რეალურად უნდა დაიწყოთ იძულებითი აღსრულება, ანუ უნდა დაუყადაღოთ და ინკასოები დაადოთ, რადგან ვერ გადაიხდიან, ქვეყანაში ფიზიკურად არ არსებობს ფული. ამ ხალხს დაელაპარაკეთ, არანაირი ანტიკრიზისული გეგმა არ გაქვთ და ოთხი თვე სრულდება, რაც ეკონომიკა დახურეთ და ხალხი ჯერაც ელოდება თქვენგან მწირე დახმარებას. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა და ვფიქრობ, ყველა ერთსულოვანი იქნება მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, დარწმუნებული ვარ, ახლა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც დამეთანხმებიან, უნდა გადავადდეს კიდევ სამი თვით საკრედიტო შენატანების პერიოდი, ანუ ხალხს არ უნდა შევატანინოთ მთლიანი თანხა, როგორც ძირი, ისე პროცენტი“, – მიმართავს მელია ხელისუფლების წარმომადგენლებს.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორობისა და საერთაშორიო ფინანსური და საკრედიტო ორგანიზაციების დახმარებით საქართველოში საბანკო სექტორისთვის მოზიდულია მილიარდ ნახევარი დოლარი.

„ეს მილიარდ ნახევარი დოლარი საბანკო სექტორისთვის იმას გულისხმობს რომ ხალხს არ უნდა დავეხმაროთ, რისთვის გვჭირდება აბა ეს შეღავათები? სამი თვით უნდა გადავადდეს საკრედიტო შენატანების ვალდებულება და ვფიქრობ, განცხადების სახით ეს უნდა გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა ან გიორგი გახარიამ უახლოეს დღეებში, რომ ხალხს სულიერი სიმშვიდე მაინც დაეუფლოს და არ ელოდებოდეს ტელევიზორის თუ მაცივრის, მოძრავი თუ უძრავი ქონების დაყადაღებას“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ნიკა მელიამ.