„ნაციონალური მოძრაობა" „ლიბერთი ბანკის" პენსიონერებისთვის სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის გაუქმებას ითხოვს
„ნაციონალური მოძრაობა" „ლიბერთი ბანკის" პენსიონერებისთვის სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის გაუქმებას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პენსიონერებთან შეხვედრა გამართა და მათ პარტიის ინიციატივა გააცნო, რომელიც „ლიბერთი ბანკის” პენსიონერებზე გათვლილი მაღალი საპროცენტო განაკვეთის გაუქმების გულისხმობს.

ვაშაძე აცხადებს, რომ პენსიონერებისთვის სესხის პროცენტი სხვა მოქალაქეების შემთხვევებთან შედარებით სამჯერ მეტია.

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მოითხოვს, პენსიონერების მიერ ბანკში უკვე გადახდილი ფული ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან გამოყოს და მათ დაუბრუნოს.

„საქართველოში დაახლოებით 400 ათას პენსიონერს აქვს აღებული პენსიით უზრუნველყოფილი სესხი. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს არ ჰყოფნით ერთი თვის პენსია არსებობისთვის აუცილებელი პირობების დასაკმაყოფილებლად.

ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მოქალაქეებისათვის ამ მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებას ცდილობდეს, მილიარდერი ოლიგარქი მისი პირადი ბანკის – საქართველოში სიდიდით მესამე ბანკის, „ლიბერთის” მეშვეობით პირდაპირ ძარცვავს ისედაც გაჭირვებაში მყოფ ხანდაზმულ ადამიანებს, აკისრებს მათ სრულიად არაადამიანურად მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს.

დღეისათვის „ლიბერთი ბანკი” პენსიონერებს 36%-ად აძლევს სესხს, მაშინ, როცა ჩვეულებრივი მოქალაქისა და კომპანიებისთვის კომერციულ ბანკებში საშუალო საპროცენტო განაკვეთი შვიდიდან 14-მდეა. ეს იმას ნიშნავს, რომ პენსიონერს სამჯერ უფრო მეტის გადახდა უწევს.

„ლიბერთი ბანკისათვის” მხოლოდ ფიზიკური პირებისაგან მიღებულმა საპროცენტო შემოსავალმა, 2018 წელს, 235 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან პენსიონერების ამოღებული შემოსავალი 83%-ია, ანუ დაახლოებით 195 მილიონი”, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე ინფორმაციით, პენსიონერებზე გაცემული სესხების მთლიანი მოცულობა „ლიბერთი ბანკში” დაახლოებით 600 მილიონი ლარია.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს ბანკი დღეს მხოლოდ პენსიონერების გატყავებაზე მუშაობს”, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს:

„1. გაუქმდეს საპროცენტო განაკვეთი წინასწარ აღებულ პენსიებსა და პენსიონერებზე გაცემულ სესხებზე უზრუნველყოფილ სესხებზე და ის გახდეს 0 %, სესხის აღებისთვის დადგენილი მომსახურების ხარჯი კი, დაფაროს სახელმწიფომ;

2. ეს შეეხოს არა მხოლოდ სამომავლო სესხებს, არამედ ყველა პენსიონერს, ვისაც უკვე წინასწარ აღებული აქვს პენსია ან პენსიით უზრუნველყოფილი სესხი;

3. ყველა პენსიონერს, ვისაც დღემდე პროცენტის გადახდა მოუწია, სრულად აუნაზღაურდეს ბანკის მიერ მათთვის წაგლეჯილი ფული და აღნიშნული საკუთარ თავზე აიღოს სახელმწიფო ბიუჯეტმა”.

დატოვე კომენტარი