„ნაციონალური მოძრაობა" - კორუფციაა არა მხოლოდ ბათუმის მერიაში, არამედ მთლიანად აჭარაში
„ნაციონალური მოძრაობა" - კორუფციაა არა მხოლოდ ბათუმის მერიაში, არამედ მთლიანად აჭარაში

ბათუმში ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავებებს „ნაციონალური მოძრაობა” სპეციალურად მომზადებული სტენდებით გამოეხმაურა.

ოპოზიციური პარტიის წევრებმა ბათუმის მერიის შენობის წინ 21 სტენდი წარმოადგინეს, სადაც მათი შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვის მაგალითებია წარმოდგენილი.

მათივე თქმით, კორუფცია არა მხოლოდ ბათუმის მერიაში, არამედ მთელს აჭარაშია.

„21 პროექტი მოვიტანეთ. მათზე ასახულია მაგალითები, რომელთა მშენებლობაზე ბიუჯეტიდან მილიონობით თანხა გამოიყო, თუმცა მაღალჩინოსნებმა ეს თანხა მოიპარეს. კორუფციაზე 2015 წლიდან აქტიურად ვსაუბრობდით. ბათუმის მერიაში ფულის სუნია და ეს სუნი ივანიშვილმა მოიტანა. გიორგი ერმაკოვი კორუმპირებული მმართველი იყო და ეს დადასტურდა.

ასი მილიონი ლარის პროექტი წარმოვადგინეთ და ეს ფული მოიპარეს. კორუფციაა არამხოლოდ მერიაში, არამედ ყველა უწყებაში”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რეზო ხარაზმა.

აჭარის პროკურატურამ გუშინ რამდენიმე მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა, რომელთა შორის არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აგრეთვე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე, ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე, ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბექა ხალვაში. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, დაკავება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე განხორციელდა. მათ ბრალი ედებათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში.