„ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიების ფარგლებში, აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლების ტელეფონებიც შეისწავლონ
„ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიების ფარგლებში, აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლების ტელეფონებიც შეისწავლონ

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაცია ითხოვს, ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიების ფარგლებში, აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლების ტელეფონებიც შეისწავლონ.

პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გია აბულაძემ განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალებს ავრცელებს „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება დაკავებულ პირებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებს.

„მოვითხოვთ, ჩატარდეს ობიექტური გამოძიება. ყველამ იცის, რომ ვიდეოები გავრცელდა ყველგან, ის აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. მოვითხოვთ, გამოძიება დაინტერესდეს და გამოიკვლიოს ყველას ტელეფონი, დაწყებული აჭარის მთავრობის თავმჯდომარით, შემოწმდეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ტელეფონებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩაითვლება ოპოზიციის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიად და პოლიტიკურ ანგარიშსწორებად“, – განაცხადა გია აბულაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვს, ეკა ბესელიას კი მოუწოდებენ, სოლიდარობა გამოუცხადოს დაკავებულ ქალებს და მოითხოვოს რეალური დამნაშავის დასჯა.

შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე დღეს 16 პირი დააკავა.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე მათი ორი აქტივისტია დაკავებული.