„ნაციონალური მოძრაობა“ - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რუსთავში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ ოჯახს
„ნაციონალური მოძრაობა“ - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რუსთავში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ ოჯახს

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რუსთავში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ ოჯახს, – აღნიშნულია განცხადებნაში, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს.

„სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ვერ გრძნობს იმ პასუხისმგებლობის უმცირეს ნაწილსაც კი, რასაც უნდა გრძნობდეს ქვეყნის ხელისუფლება.

მმართველი გუნდის ყველა ქმედება, ყველა ნაბიჯი, განპირობებულია ზიზღის, ბოროტების და შურისძიების ვიწრო პარტიული, დანაშაულებრივი მოტივებით.

დღეს, პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხელი შეეშალა რუსთავში, ციხესთან გამართული პროტესტის ორგანიზებაში.

პოლიციის უკანონო ქმედებებმა და აქციის განლაგების შესახებ მათმა ულტიმატუმებმა გამოიწვია მასობრივი პროტესტისთვის სივრცის შეზღუდვა. ამას დაემატა ის, რომ ადგილზე არ იყო მობილიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების არც ერთი ბრიგადა.

სამწუხაროდ, მსგავსმა მიდგომამ გამოიღო ფატალური შედეგი და სწრაფი სამედიცინო დახმარების ვერ აღმოჩენის გამო, ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად გარდაიცვალა საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მცირედით მაინც გაიაზროს ხელისუფლებაში ყოფნის პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს პროტესტის მონაწილეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის დაწყებამდე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, აქციაზე მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რუსთავში, აქციის დაწყებამდე მოქალაქის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი: „რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ადგილზე განთავსების შესახებ აქციის ორგანიზატორებს არ მოუმართავთ. ასევე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მოქალაქის გონების კარგვასთან დაკავშირებით გამოძახება 18:22 საათზე შემოვიდა. ქალაქ რუსთავის ფილიალის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოძახების ადგილზე 18:35 საათზე იმყოფებოდა. პაციენტს ადგილზე ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები, რის შემდეგაც, 18:45 საათზე, ჰოსპიტალიზირებულ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში“.