„სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელმა ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტს მანდატის გაუქმების შესახებ განცხადებით მიმართა
„სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელმა ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტს მანდატის გაუქმების შესახებ განცხადებით მიმართა

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრმა პარტიამ, „სახელმწიფო ხალხისთვის“ საკანონმდებლო ორგანოს საპარლამენტო მანდატის გაუქმების შესახებ განცხადებით მიმართა.

მანდატზე უარის თქმის შესახებ განცხადება მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ შეიტანა.

„დიალოგის პროცესი ჯერჯერობით ხელისუფლებამ ჩაშალა. მას ჯერ კიდევ აქვს ვადა, წამოვიდეს ქართველ საზოგადოებასთან და ქართულ დემოკრატიულ ოპოზიციასთან დათმობებზე. ეს გულისხმობს საქართველოში სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული საფუძვლების აღდგენას, საქართველოს მოქალაქისთვის საარჩევნო ხმის დაბრუნებას. ამიტომაც ვართ ჩვენ აქ დღეს. ყველანაირი ბურთი არის „ქართული ოცნების“ მოედანზე. მხოლოდ მათ შეუძლიათ, წამოვიდნენ დათმობაზე, მხოლოდ მათ შეუძლიათ ახლა მოლაპარაკებების პროცესის აღდგენა, მხოლოდ მათ შეუძლიათ ქართული სამართლებრივი და დემოკრატიული საფუძვლების აღდგენისთვის პირველი ნაბიჯების გადმოდგმა. ყველანაირი ნაბიჯი გადავდგით, ველოდებოდით მეხუთე რაუნდს. ბოლო პერიოდის განმავლობაში დასმულია საკითხები მოლაპარაკებების მწარმოებელ ფასილიტატორებთანაც. ეს მოთხოვნები არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ან ცალკეული დეპუტატების მოთხოვნები, როგორებიც ვართ ჩვენ. ეს მოთხოვნები არის უწინარეს ყოვლისა, საქართველოს მოქალაქეებისათვის, მისი თავისუფლებისათვის“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

დღეს პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით ასევე მიმართეს საარჩევნო ბლოკში „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიების: „ნაციონალური მოძრაობისა“, და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებმა, ასევე „ევროპული საქართველოს“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ წევრებმა.

ამასთან, პარლამენტს განცხადებით გუშინ მიმართა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავთ „მოქალაქეების“, „გირჩისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს.