„ნაციონალური მოძრაობა“ - დიმიტრი ხუნდაძის რიტორიკა შეიცავდა ძალადობის განხორციელების აშკარა და რეალურ საფრთხეს
„ნაციონალური მოძრაობა“ - დიმიტრი ხუნდაძის რიტორიკა შეიცავდა ძალადობის განხორციელების აშკარა და რეალურ საფრთხეს

დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის რიტორიკა შეიცავდა ძალადობის განხორციელების აშკარა და რეალურ საფრთხეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ოპოზიციური პარტია ხუნდაძის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

„ივანიშვილის და მისი მართული ჯგუფის მიერ თავისუფალ მედიაზე შეტევა არახალია. თუმცა, ბოლო პერიოდში, საზოგადოება, „რუსთავი 2″-ზე და მის გენერალურ დირექტორზე განხორციელებული თავდასხმის ახალი ტალღის მოწმე გახდა. ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების და მათთან დაახლოებული ადამიანების გამონათქვამებში სულ უფრო და უფრო გამოიკვეთა მუქარის ტონალობა.

საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონი ხუნდაძის გამოსვლა ამის ნათელი დადასტურებაა. უფრო მეტიც, მისი რიტორიკა უკვე შეიცავდა ძალადობის განხორციელების აშკარა და რეალურ საფრთხეს. ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული მოსაზრებები კონკრეტული ადამიანების გამონათქვამებსა და მიდგომებზე, მაგრამ ძალადობის წახალისება დაუშვებელი და მიუღებელია. მით უფრო ცინიკურია, როდესაც სიძულვილის ენასა და ნეგატიურ კამპანიაზე „ქართული ოცნების” წარმომადგენლები საუბრობენ მაშინ, როდესაც დაარსებიდან ამ პარტიის მთავარი და ერთადერთი სამოქმედო ხაზი არის განსახვავებული აზრის მქონე ადამიანების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების შეურაცხყოფა, მათ მიმართ სიძულვილის ენით საუბარი და ფეიკ-ნიუსების გავრცელება, რევანში და საზოგადოებაში დაპირისპირების დათესვა.

შევახსენებთ ხელისუფლებას – ადამიანის თავისუფლებაში უხეში ჩარევა და ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოწოდება ქვეყანაში დესტაბილიზაციის და შუღლის გაღვივების პირდაპირი ნაბიჯია, რაზეც პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, და რაშიც ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ სიძულვილის ენაზე საზოგადოებას მეტი დაფიქრებისკენ მოუწოდა.

„უარი ვთქვათ სიძულვილის ენაზე და ყველა ფრთხილად ვიყოთ, სადღაც სახიფათოდ არ გაწყდეს”, – განაცხადა ხუნდაძემ.