„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს
„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა, მის პარტიას ინიცირებულ პროექტზე პრეტენზია არ აქვს, რადგან პროექტში ყველა შენიშვნა გათვალისწინებულია, მათ შორის, საარჩევნო ბლოკებსა და ოლქების საზღვრის დადგენაზე.

დეპუტატის თქმით, შეთანხმების ერთი ნაწილი შესრულდა, მეორე ნაწილი კი – პოლიტპატიმების გათავისუფლება და პოლიტპატიმრების მიმართ დევნის შეწყვეტა, შესრულებული არ არის.

„როცა ორივე ნაწილი იქნება შესრულებული, მაშინ დავუბრუნდებით საპარლამენტო ცხოვრებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოიკოტის რეჟიმში დავრჩებით. სახალხო განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ. შეთანხმების ერთი ნაწილი მოგვწონს, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება, მაგრამ პროცესში მონაწილეობას მანამდე არ მივიღებთ, სანამ მეორე ნაწილის შესრულება არ დაიწყება, რასაც ჰქვია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გამოშვება“,- განაცხადა გოცირიძემ.

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კონსტიტუციურ პროექტში აღნიშნულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით და პარლამენტში აირჩევა – 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

ცვლილებების გათვალისწინებით, პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთ პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით, ხოლო გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე.

ასევე დოკუმენტში საუბარია ე.წ. 40-პროცენტიან ჩამკეტ მექანიზმზე. ამასთან, კანონპროექტი ადგენს 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებს ამჟამად მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების გათვალისწინებით.

აღნიშნულის გარდა, პროექტში მითითებულია, რომ 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა.