„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის კონსტიტუციაში ცვლილებების საჯარო განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებს
„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის კონსტიტუციაში ცვლილებების საჯარო განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებს

აჭარის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დაწყებულ საჯარო განხილვებში უმაღლესი საბჭოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გია აბულაძემ განაცხადა. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაგეგმილი ცვლილებების შემუშავებაში არ მონაწილეობდნენ კონსტიტუციონალისტები, ექსპერტები, მესამე სექტორის წარმომადგენლები და რეალურად ეს  ასუსტებს აჭარის ავტონომიის უფლებებს.

“აჭარის კონსტიტუციაში ცვლილებების განხილვა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. ეს ცვლილებები დაკოპირებულია აჭარის შესახებ კონსტიტუციური კანონიდან და რეალურად ასუსტებს ავტონომიის უფლებებს. ჩვენ პარალელურად მოვაწყობთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ასევე, წერილობით წარვადგენთ ჩვენს წინადადებებს. თუ არ მოხდა ცალკეულ სფეროებში უფლებების დელეგირება, ეს ნიშნავს, რომ ცენტრი უნდობლობას უცხადებს აჭარას“, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გია აბულაძემ.

შეგახსენებთ, რომ ორი დღეა აჭარის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო განხილვები მიმდინარეობს. უმაღლეს საბჭოში განხილვების ორგანიზებისთვის 12 კაციანი კომისია მუშაობს. განხილვები ორ კვირას გაგრძელდება.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განცხადებით, ეს ცვლილებები მიზნად ისახავს, მოხდეს აჭარის კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა აჭარის შესახებ კონსტიტუციურ კანონთან, რომელიც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად დაამტკიცა.