სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებამ ხელი შეუშალა
სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებამ ხელი შეუშალა

„ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციის ფორმატში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დღეს ვერ განიხილავს. ფრაქციის სხდომა 14:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა ფრაქციის წევრები საკანონმდებლო ორგანოში ვერ გამოცხადნენ და ამის მიზეზად დეპუტატ ნიკა მელიას სასამართლო სხდომა დასახელდა.

ჟურნალისტებთან საუბარში დეპუტატი სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ თხოვნის მიუხედავად, მოსამართლემ დეპუტატების მიმართვა დაჩქარებულად არ განიხილა, რომელიც მელიას მიმართ თავდებს ეხება.

„პარლამენტში ორი მნიშვნელოვანი განხილვაა. ფრაქციის ფორმატში ბიუჯეტის პროექტი უნდა განგვეხილა და მოსამართლეების მოსმენა იმართება. ამ ფონზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას წინააღმდეგ პოლიტიკური პროცესი გრძელდება. ფრაქციის ყველა წევრი თავდებია, რათა მელიას დროებითი შეზღუდვის ღონისძიებები მოეხსნას. თხოვნისა და ადვოკატის შუამდგომლობის მიუხედავად, რომ დეპუტატების მიმართვა დაჩქარებულად განხილულიყო, ეს თხოვნა მოსამართლემ არ გაითვალისწინა და ფრაქცია მინისტრის მოადგილეს დღეს ვერ ხვდება. სასამართლოში დაბრუნება მეც მომიწევს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასწრებას ვერ შევძლებ. ეს არის ხელის შეშლა ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობისთვის. ეს არის ხელისუფლების სახე და დემოკრატიული სისტემა, რაშიც ოპოზიციას უწევს მუშაობს”, – განაცხადა სამადაშვილმა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტს მიმდინარე კვირაში საპარლამენტო კომიტეტებსა და ფრაქციებზე განიხილავენ.