„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე საკადრო ცვლილებებზეც იმსჯელებენ
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე საკადრო ცვლილებებზეც იმსჯელებენ

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური საბჭოს სხდომას მართავს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ეს არის პოლიტსაბჭოს პირველი სხდომა, რომელზეც პარტიის წევრების თქმით, სამომავლო პოლიტიკური ბრძოლის გეგმებსა და შიდასტრუქტურულ რეორგანიზაციულ საკითხებზე იმსჯელებენ.

პარტიის წარმომადგენლები ჯერ არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ცვლილება შეეხება პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიას და მას კობა ნაყოფია ჩაანაცვლებს. ასევე გავრცელებული ცნობით, პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოზიციას კობა ნაყოფიას ნაცვლად პეტრე ცისკარიშვილი დაიკავებს.

„ნებისმიერი არჩევნების შემდეგ ჩვეულებრივი პროცესია პოლიტსაბჭოს შეკრება, მსჯელობა იმაზე, რა გაკეთდა სწორად, რაში გვჭირდება ცვლილებები, რა უნდა დავგეგმოთ ახლებურად, რათა პარტია მეტად აქტიური იყოს. შესაბამისად, შიდასტრუქტურული რეორგანიზაცია არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც ნებისმიერ არჩევნებს ახლავს თან. ჩვენ განვიხილავთ დღეს ბრძოლის სხვადასხვა გეგმას. საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით შემიძლია, გითხრათ, რომ დღის წესრიგში არის ნამდვილად საკადრო ცვლილებები, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება პოლიტსაბჭოს ფორმატში, თუმცა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. თქვენ რომ ნახოთ, ნებისმიერი არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდასტრუქტურული რეორგანიზაცია ყოფილა, აქ საუბარი არ არის პიროვნებებზე, აქ საუბარია, როგორ უნდა იყოს პარტი მეტად ეფექტური, როგორ უნდა შეძლოს იმ მთავარ გამოწვევაზე პასუხი, რასაც ჰქვია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლა. „ნაციონალური მოძრაობის“ შიდასტრუქტურული გაძლიერება რეგიონულ დონეზეც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ანა წითლიძემ.