„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის საკითხზე მსჯელობა ხუთშაბათს გაგრძელდება
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის საკითხზე მსჯელობა ხუთშაბათს გაგრძელდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პარტიის ცენტრალურ ოფისში ფრაქციის სხდომა გამართეს. სხდომის დასრულების შემდეგ ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ცენტრალური ადგილი ეკავა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.

„მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს დაგეგმილი უახლოეს პერიოდში. პირველი საკითხი ეხება მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსებაშემლახავი მოპყრობის საგამოძიებო კომისიის შექმნას. ოპოზიციის დიდი უმრავლესობა პარლამენტში მხარს უჭერს საგამოძიებო კომისიის შექმნას. უახლოეს პერიოდში გავაგრძელებთ კონსულტაციებს საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ასევე, ხატია დეკანოიძის თქმით, დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, როგორ გაგრძელდება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ საქმიანობა საგაზაფხულო სესიაზე.

დეკანოიძე ამბობს, რომ საპარლამენტო საქმიანობის მიმართულებით საჭიროა სხვადასხვა დეტალის განხილვა, რის გამოც მსჯელობა ხუთშაბათს გაგრძელდება.

„იცით, რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ამ დრომდე არის ბოიკოტში. მოვისმინე ჩემი თანაფრაქციელების მოსაზრებები, იყო გულწრფელი და ღია მსჯელობა. ამიტომ, ვფიქრობ, ის სტრატეგიული ნაწილი, როგორ გაგრძელდება ჩვენი საპარლამენტო საქმიანობა, კიდევ უფრო საჭიროებს დაკონკრეტებას და სხვადასხვა დეტალის განხილვას. ფრაქციის დიდი ნაწილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა დღევანდელ გაფართოებულ სხდომას. ხუთშაბათს გავაგრძელებთ სტრატეგიულ მსჯელობას, როგორი იქნება ჩვენი საქმიანობა საგაზაფხულო სესიაზე, როდის გამოვა ბოიკოტიდან ფრაქცია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დატოვე კომენტარი