„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატის, რამაზ ჯინჭარაძის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატის, რამაზ ჯინჭარაძის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატის რამაზ ჯინჭარაძის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს და შესაბამისი განცხადებით ბათუმის საქალაქო სასამართლის მიმართავს.

პარტიის ბათუმის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ ამ გადაწყვეტილების მიზეზად ამომრჩეველთა მოსყიდვა დაასახელა.

კირთაძე ამბობს, რომ ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს 10-ზე მეტი მუნიციპალიტეტიდან ამომრჩევლები გადმოწერეს და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის სანაცვლოდ, მათ ბინებს შეჰპირდნენ.

„მტკიცებულებებს ჩვენ წარვადგენთ სასამართლოში ხელვაჩაურიდან, ქედიდან, ხულოდან, ლაგოდეხიდან, წალკიდან. თბილისიდანაც კი გადმოწერეს ბათუმში ადამიანები და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის სანაცვლოდ ბინებს შეჰპირდნენ. ეს არის ზუსტად ყაჩაღობა და კანონის პირდაპირი დარღვევა. ამიტომაც მივმართავთ სასამართლოს რამაზ ჯინჭარაძიეს რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.