N7 პენიტენციური დაწესებულება 26 ივნისს დაიხურება
N7 პენიტენციური დაწესებულება 26 ივნისს დაიხურება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო N7 პენიტენციურ დაწესებულებას ხურავს,  – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დაწესებულების დახურვა წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს იგეგმება.

„სულ ახლახან, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ დღეებში, ალბათ,  წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს – 26 ივნისს, დავხურავთ ავადსახსენებელ N7 პენიტენციურ დაწესებულებას. აღნიშნული დაწესებულება მოხვედრილია CPT-ის ანგარიშში.

სახალხო დამცველთან ერთად დავხურავთ აღნიშნულ დაწესებულებას და იმედია, მსგავსი ტიპის პენიტენციური დაწესებულება საქართველოში არასდროს იქნება“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, სისტემაში გატარებული რეფორმების მიზანი ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის და სარეჟიმო პირობების დაცვის უზრუნველყოფა იყო.