„მზიურის“ განახლებული პარკი თებერვლის დასაწყისში გაიხსნება
„მზიურის“ განახლებული პარკი თებერვლის დასაწყისში გაიხსნება

„მზიურის“ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები ფინალურ ეტაპზე გადავიდა. სამუშაოები მომავალი წლის იანვრის ბოლოს დასრულდება და განახლებული პარკი თებერვლის დასაწყისში გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აცნობეს, რომელიც პროექტს ახორციელებს.

ფონდის ინფორმაციით, პროექტი მოიცავს 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ჭ.ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებულ გამწვანებას და პარკ „მზიურის“ აღდგენა-მოწყობას. პროექტი ითვალისწინებს სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას, არსებული მოზაიკების, ხიდების, კიბეებისა და ცენტრალური სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაციას. პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა საველოსიპედე ბილიკები, სკამები, ურნები, ფანჩატურები, სასმელი წყლის „სოკოები“, დასასვენებელი ადგილები და დადგება ზონირების შესაბამისი ნიშნები. ასევე, სკეიტბორდის მოედანი, საბავშვო გასართობი მოედნები, პარკური.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული საპირფარეშოს დემონტაჟი და ახლის მოწყობა, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ-პირებისთვის.

გამოიცვლება ყველა კომუნიკაცია: კანალიზაცია, სადრენაჟე, სასმელი წყლის, საირიგაციო და გარე განათების სისტემები, მოეწყობა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა. პროექტი მოიცავს დენდროლოგიურ პროექტს. შესაბამისად, დაგეგმილია პარკის ტერიტორიაზე დამატებითი მცენარეების დარგვა.

სამუშაოებს შპს „გრინსერვის +“ და შპს NCC ახორციელებენ. მისი ღირებულება 8 მილიონ ლარს აღწევს. პროექტის განხორციელება 2018 წლის აგვისტოში დაიწყო.

დატოვე კომენტარი