მზია თოდუამ მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიში წარადგინა
მზია თოდუამ მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიში წარადგინა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიში წარადგინა.

დოკუმენტში დეტალურად არის ასახული 2018 წელს უზენაესი სასამართლოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და განხილულია სასამართლოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ასევე მოცემულია სტატისტიკური მონაცემები.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს უზენაეს სასამართლოში 27%-ით მოიმატა საკასაციო საჩივრების რაოდენობამ, იმ ფონზე, როდესაც უზენაეს სასამართლოში 10 მოსამართლე ახორციელებს უფლებამოსილებას.

ასევე ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს უზენაესმა სასამართლომ მმართველობის განახლებული მოდელი დანერგა, რომელიც მოსამართლეების დამხმარე რგოლების საქმიანობის გაძლიერებაზეა ორიენტებული და ნათქვამია, რომ ახალი სტრუქტურა ხელს უწყობს საქმეთა ნაკადის ეფექტურად მართვას, ასევე აუმჯობესებს სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებისას ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის გამოყენებას.

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ დღეს არის მოსამართლის პროფესიული დღე და მინდა, ყველა მოსამართლეს მივულოცო, ვუსურვო გამძლეობა და წარმატებები საქმიანობაში. რაც შეეხება ანგარიშს, ორგანული კანონის მიხედვით, უზენაესი სასამართლო ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს მართლმსაჯულების შესახებ ანგარიში. ეს ანგარიში განსხვავებულია სხვებისგან იმით, რომ მოვახდინეთ ჩვენი საქმიანობის ანალიზი, ანუ როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება, რამდენად დასაბუთებულია, რა პრობლემები და გამოწვევები არსებობს თითოეული მიმართულებით. ანგარიში მოიცავს უზენაესი სასამართლოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მომავალ ხედვებს“, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.

რაც შეეხება გამოწვევებს, მზია თოდუა აცხადებს, რომ დღეისათვის უზენაეს სასამართლოში 28 მოსამართლის ნაცვლად 10 მოსამართლე ახორციელებს უფლებამოსილებას და მიუხედავად ამისა, ანგარიში აჩვენებს, რომ სამივე მიმართულებით უფრო მეტი საქმეა განხილული 2018, ვიდრე 2017 წელს.

„რაც შეეხება ვადის დარღვევებს, დაგვიანებებს, რასაკვირველია, ვადის დარღვევები იქნება და ეს გამოწვეულია არა იმით, რომ ვინმე არ მუშაობს, არამედ ობიექტური მიზეზებით, მოსამართლეთა რაოდენობის სიმცირით. მეორე იმით, რომ თავად დავები არის ძალიან გართულებული, სტრუქტურულად მეტი დრო სჭირდება მათ გადაწყვეტილებას. რაც ყველაზე საგულისხმოა და მნიშვნელოვანი, შეიძლება მართალია ვადა ირღვეოდეს ზოგჯერ, მაგრამ უნდა ვთქვათ, მიღებული გადაწყვეტილებებისა დასაბუთებულობის ხარისხი აშკარად არის ამაღლებული, არამხოლოდ უზენაესი სასამართლოს მიმართებით, არამედ ქვედა ინსტანციებში, უფრო სწორად წარმართავენ პროცესებს, სწორად ადგენენ ფაქტებს და სწორ სამართლებრივ შეფასებებს აძლევენ“, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.

რაც შეეხება კითხვას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კონკურსთან დაკავშირებით, უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა ამ კონკურსში ადამიანებმა, რომლებითაც იყო დაკომპლექტებული წინა 10-კაციანი სია, მზია თოდუა პასუხობს, რომ კრიტერიუმებს ვინც დააკმაყოფილებს, ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება.

ანგარიშის წარდგენას საკანონმდებლო და სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენლები, ელჩები, ადვოკატები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.