მზია ამაღლობელის ადვოკატი  - სასამართლომ მიიღო ბრალდების მხარის არგუმენტები ყოველგვარი არგუმენტების გარეშე და, ფაქტობრივად, გადაიქცა ბრალდების პოზიციის გამგრძელებლად
მზია ამაღლობელის ადვოკატი - სასამართლომ მიიღო ბრალდების მხარის არგუმენტები ყოველგვარი არგუმენტების გარეშე და, ფაქტობრივად, გადაიქცა ბრალდების პოზიციის გამგრძელებლად

მზია ამაღლობელის მიმართ ბრალდების მხარე ითხოვდა პატიმრობას და მათ მიერ წარმოდგენილი არგუმენტები სრულიად აბსტრაქტული იყო, – ამის შესახებ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ასევე იყო მათი არგუმენტები ყოველგვარი კონკრეტიკისგან, გამოძიების შედეგად გამოვლენილი გარემოებებისა და მტკიცებულებებისგან დაცლილი. ისინი, შეიძლება ითქვას, ჰაერზე ასახელებდნენ სამივე საფრთხის არსებობას, თითქოს არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, თითქოს არსებობდა მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხე, თუმცა მათ არცერთი რეალური არგუმენტი, გარემოება თუ მტკიცებულება არ დაუსახელებიათ ამ საკითხის დასაბუთებისას. სასამართლომაც მიიღო ბრალდების მხარის არგუმენტები ყოველგვარი არგუმენტების გარეშე და, ფაქტობრივად, სასამართლო გადაიქცა ბრალდების პოზიციის გამგრძელებლად. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, შეთავაზებული იყო ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიება, რაზე მსჯელობის ვალდებულებაც სასამართლოს ჩვენი მხრიდან ყოველგვარი შეთავაზების გარეშეც ჰქონდა, თუმცა მათ ეს, რა თქმა უნდა, არ მოახდინეს“, – განაცხადა ქათამაძემ.

მისი თქმით, დაცვის მხარემ სასამართლოს შესთავაზა გირაო და, გირაოს გარდა, შესთავაზა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული სხვა შემზღუდველი ღონისძიებები, რომლებიც სრულიად დააზღვევს იმ რისკებს, თუკი სასამართლო ჩათვლის, რომ ეს რისკები არსებობს.

გადაცემის წამყვანმა ადვოკატს შეკითხვა დაუსვა – შეუძლია თუ არა, ისაუბროს მეტ დეტალზე იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ის საუბრობს, რომ მზია ამაღლობელის დაკავებისას სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ჰქონდა სავარაუდო ზეწოლას და დაიწყო თუ არა მოკვლევა შესაბამისი უწყებების პასუხად, ჯუბა ქათამაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დაკავების დღესვე, 12 იანვარს იქნა მიწოდებული ინფორმაცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის.

„როგორც მოგეხსენებათ, როდესაც ქალბატონი მზია დააკავეს, ბათუმის პოლიციის განყოფილებაში შეყვანამდე ირაკლი დგებუაძის მხრიდან მის მიმართ მოხდა სიტყვიერი შეურაცხყოფა ეზოში. შემდგომში, როდესაც ის პოლიციის განყოფილებაში შეიყვანეს, ოთახში, სადაც ქალბატონი მზია იყო მოთავსებული, ირაკლი დგებუაძე მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ცდილობდა, შეეღწია ოთახში, თუმცა მისივე კოლეგები აჩერებდნენ, რათა ოთახში არ შეეღწია. ერთ-ერთ შემთხვევაში, როდესაც მან ოთახში შეღწევა მოახერხა, ქალბატონ მზიას სახეში შეაფურთხა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მიმართული გვაქვს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი 15 იანვარს მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა ქალბატონ მზიას და გაესაუბრა, თუმცა სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან ჩვენ დღემდე ვერ მივიღეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ამ გასაუბრების შედეგად დაიწყეს თუ არა გამოძიება“, – განაცხადა ქათამაძემ.

მისივე თქმით, თუ ვინმესგან არსებობს რეალურად მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რაზეც მზია ამაღლობელის მიმართ აბსტრაქტულად იმსჯელეს, არსებობს სწორედ ირაკლი დგებუაძის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, „ვინაიდან მისი მხრიდან ჩადენილი დანაშაულის მოწმეები მისივე დაქვემდებარებული პირები არიან“.

„საგამოძიებო ორგანო სრულად და ობიექტურად თუ გამოიძიებს ამ ფაქტს და თუკი სურს ამის გამოძიება, ირაკლი დგებუაძეს ამ საქმის გამოძიებამდე უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს“, – განაცხადა ქათამაძემ.

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით, მას, პირველ რიგში, ვალდებულება აქვს, დაასაბუთოს, რომ აღკვეთის სხვა ღონისძიება ვერ უზრუნველყოფს არსებულ რისკებს, ხოლო შემდგომში დაასაბუთოს, თუ რატომ არის საჭირო პატიმრობა.

„შესაბამისად, ეს ჩვენი არგუმენტები გაიზიარა სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველის მხრიდან მოხდა სააპელაციო სასამართლოს მიმართ მიმართვა, რომ მოხდეს ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიების გამოყენება“, – განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.