მზადება „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისთვის

რამდენიმე საათი „საქართველოს ვარსკვლავის“ გამოვლენამდე. გამარჯვებისთვის ოთხი კონკურსანტი იბრძვის. ვინც დღეს მაყურებლის მხარდაჭერას და ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, „საქართველოს ვარსკვლავი“ გახდება და ევროვიზიაზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი იქნება.

რეპეტიცია უკვე რამდენიმე საათია დაწყებულია, ფინალისტები გულშემატკივართან შესახვედრად ემზადებიან.

ფინალში ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე, ლიზა კალანდაძე და გიორგი ფრუიძე იმღერებენ. დღევანდელი შოუსთვის სიმღერები მათ თავად შეარჩიეს.

კონკურსანტებისთვის ხმის მიცემის წესი შემდეგია:

კომპიუტერით, სმარტფონით ან პლანშეტით უნდა შეხვიდეთ „ფეისბუქზე“, მოძებნოთ „საქართველოს ვარსკვლავის“ ოფიციალური ვერიფიცირებული გვერდი, უნდა გახსნათ მესინჯერი და კონკურსანტების ჩამონათვალში მონიშნოთ თქვენი ფავორიტი კონკურსანტის სახელი და გვარი, შემდეგ დააჭიროთ „ხმის მიცემას“ და თქვენი ხმა მიღებულია.

თქვენს რჩეულს მინიჭებულ ნომერზე შეგიძლიათ დაურეკოთ ან დაუმესიჯოთ „ჯეოსელის“, „მაგთისა“ და „ბილაინის“ აბონენტებმა შეუზღუდავი რაოდენობით. ზარის ღირებულება 50 თეთრია.

ხმების დათვლისას ჯამდება თითოეული კონკურსანტის ზარები, მოკლე ტექსტური შეტყობინება და „ფეისბუქით“ მიღებული ხმები. თითოეულ მიღებულ ხმას აქვს ერთი და იგივე ძალა.

„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებულის გამოსავლენად „ფეისბუქის“ მესენჯერით მიღებული ხმების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 1tv.ge-ზე, პირველი არხისა და პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ ფეისბუქგვერდებზე.

საქართველოს ვარსკვლავი

ევროვიზიის კონკურსი ისრაელის დედაქალაქში 14-18 მაისსაა დაგეგმილი.