მზადება საბავშვო ევროვიზიისთვის [ფოტო/ვიდეო]

რამდენიმე დღე საბავშვო ევროვიზიის ფინალამდე – მონაწილეები რეპეტიციებს აქტიურად გადიან და მოახლოებული კონკურსისთვის ემზადებიან. შოუსთვის სცენა და დეკორაციები უკვე სრულად გამზადდა.

დღეს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მოადგილეებთან ერთად და „სტარინგ ჯორჯიას“ წარმომადგენლები, მიმდინარე სამუშაო პროცესს კიდევ ერთხელ გაეცნენ.

„მიმდინარეობს მზადების საფინალო ეტაპი, ძალიან დიდ მასშტაბზეა გასული უკვე საბავშვო ევროვიზია. მადლობა მინდა, ვუთხრა ყველა უწყებას, რომელიც არის ჩართული. საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, ჩართულია „სთარინგ ჯორჯია“ და უსაფრთხოება, დაცვა. ყველა ზომაა უკვე მიღებული. დიდი მადლობა 18-ვე ქვეყანას, რომელიც მონაწილეობს. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოსთვის ეს ძალიან დიდი პლატფორმა იქნება და მომავალ კვირას მთელი მსოფლიო და მთელი ევროპა საქართველოზე იქნება მომართული. მთელი ერთი კვირა არ ჩამოვალთ ევროპის მაუწყებელთა ეთერებიდან. დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული ნიჭიერება, მუსიკა და ხელოვნება გააერთიანებს ჩვენ მომავალ თაობას და კიდევ ერთხელ საქართველო ხმამაღლა იჟღერებს მთელ ევროპაში.

რომ არა „სთარინგის“ ტექნიკური ჯგუფი, ჩვენ ასეთ მაღალ დონეზე ვერ შევძლებდით ნამდვილად, რომ ამ რანგის ღონისძიება მიგვეღო. მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს და მადლობა კიდევ ერთხელ ყველა ორგანიზატორს. იმედს ვიქონიებ, ღმერთი დალოცავს საქართველოს და ამ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ სათანადო დონეზე, ღვთისგან ბოძებულია ქართველებისთვის ყველა სტუმარი, შევძლებთ, რომ ევროპას ვუმასპინძლოთ და ევროპის ხმა აქედან გავაგონოთ მთელ მსოფლიოს“,- განაცხადა თინათინ რუხაძემ.

„ერთი წლის მზადება ძალიან კარგად სრულდება. პირველ რიგში, ყველა დელეგაცია არის ძალიან კმაყოფილი. არ შეიძლება, არ მოგეწონოს ეს სცენა. რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ის არის, რომ პირველი შემთხვევაა, როცა ტექნიკურად, ტექნოლოგიურად და ვიზუალურად ყველას ყველაფერი მოსწონს. ეს რომ 18-ვე ქვეყანამ ერთად აღიაროს, ძალიან იშვიათია.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენგან ალბათ ძალიან ხმამაღალი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ანიტა არის ერთ-ერთი საუკეთესო. მალე ჩვენი მაყურებელი თავადაც დარწმუნდება, რომ იქნება დაუვიწყარი შოუ. ამიტომ ველოდებით ყველას 12 და 13 დეკემბერს ამ არაჩვეულებრივ სივრცეში და, რა თქმა უნდა, ტელეეკრანებთან“,- განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

საქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მასპინძლობს, ფინალური შოუ 13 დეკემბერს 20:00 საათზე გაიმართება. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელი – „რანინას“ გამარჯვებული ანიტა აბგარიანი.

საბავშვო ევროვიზია 2025-ზე საქართველოს წარმომადგენლისთვის ონლაინ ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. 12 დეკემბრის ღამის 12 საათიდან ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება jesc.tv-ზე.

13 დეკემბერს ფინალური შოუს პირდაპირ ტრანსლაციას ღონისძიების მასპინძელი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.