„მზად ხართ?“: არჩევნების შემდეგ პუტინი გადასახადებს ზრდის

13:35, 26.09.2026
 რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ვიდეოკავშირის საშუალებით, მთავრობის წევრებთან შეხვედრას უძღვება. მოსკოვი, 2026 წლის 23 სექტემბერი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ვიდეოკავშირის საშუალებით, მთავრობის წევრებთან შეხვედრას უძღვება. მოსკოვი, 2026 წლის 23 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე, ჰორიზონტზე გადასახადების ტოტალური ზრდის „პერსპექტივა“ გამოიკვეთა. კრემლს ომისთვის სახსრები არ ჰყოფნის, ამიტომ ფინანსთა მინისტრს განსაკუთრებული გამჭრიახობის გამოჩენა და ლავირება უწევს. კრიტიკოსები საზოგადოებას აფრთხილებენ: „რიგში დგომა რუსებისთვის ყოველდღიური ცხოვრების წესი გახდება“. რუსულ მედიაში, „ტელეგრამ-არხებსა“ და სოციალურ ქსელებში ეს საკითხი დებატების ერთ-ერთი მთავარი თემაა.

„ყველაფერი საკმაოდ ლოგიკურია: თუ ხალხმა ომს მისცა ხმა, ახლა მისთვის საფასურიც უნდა გადაიხადოს“, – წერს რუსეთის ერთ-ერთ წამყვანი პოლიტიკური ბლოგერი. ეს არის მისი ირონიული მინიშნება ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე, რომ მმართველი პარტიისთვის ხმის მიცემით, რუსმა ხალხმა „ქვეყნის გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას“ დაუჭირა მხარი.

„ამხანაგებო, ეს ხმა თქვენ გეკუთვნით. ხალხს სჯერა თქვენი, სწამს ჩვენი და თქვენი გამარჯვების, სიმამაცის, გმირობის და სამშობლოსადმი ერთგულების. დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ ყველა მიზანს, რომელიც ამ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დავისახეთ“.

არჩევნებიდან მალევე, გადასახადები ტოტალურად გაიზრდება

ეს პროპაგანდისტული რიტორიკა რუსებს ძვირად უჯდებათ. საპარლამენტო არჩევნებიდან სულ რამდენიმე დღეში, ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა, რომელიც გადასახადების მრავალმხრივ, ტოტალურ ზრდას ითვალისწინებს. კრემლი აპირებს, მნიშვნელოვნად გაზარდოს გადასახადები საპროცენტო და დივიდენდების შემოსავლებზე, ასევე გააძვიროს საზღვარგარეთიდან ონლაინ შესყიდვებიც.

„პროლეტარიატის ყველა დიქტატურას სჭირდება ბრილიანტები, ხოლო ნებისმიერ ესკალაციას გადასახადების და მოსაკრებლების ზრდისკენ მივყავართ, – სარკასტულად შენიშნა ბლოგერმა დიმიტრი სევრიუკოვმა, – ამიტომ, არც გასაკვირია და არც მოულოდნელი, რომ შექმნილ ვითარებაში ფისკალური პოლიტიკა გამკაცრდება და საგადასახადო ტვირთი მძიმდება.“

უფრო პირდაპირ რომ ვთქვათ: „აბა, ყველა მზად ხართ? არჩევნები დასრულდა. ახლა ყველა ის უაზრობა, რაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს შეჩერებული იყო, კანონად იქცევა“.

კრემლი: “ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ”

„საარჩევნო ხმები უკვე მიცემულია – ახლა ფულის აკრეფა იწყება. ომი სულ უფრო ნაკლებად ფინანსდება აბსტრაქტული „სახელმწიფო ბიუჯეტიდან“ და სულ უფრო მეტად – მოქალაქეების ჯიბეებიდან საბაჟო ტარიფების, გადასახადების და მოსაკრებლების ზრდის, ასევე შემოსავლების გაუფასურების გზით. წინასაარჩევნო კამპანია დასრულდა და ახლა მოსახლეობა ელექტორატიდან დაფინანსების წყაროდ გადაიქცა“, – წერს ერთ-ერთი ანონიმური რუსი ბლოგერი.

დაგეგმილი გადასახადების ზრდის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უარი თქვა: „მთავრობას მიმართეთ. უფრო კონკრეტულად კი, – ფინანსთა სამინისტროს. ბიუჯეტის პროექტი ჩვენ არ შეგვიდგენია და შესაბამისად, მასზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ“.

„მოქალაქეებს შეზიზღდებათ ისინი, ვინც ომში მონაწილეობს“

პროპაგანდისტ დიმიტრი დრიზეს თქმით, სილუანოვის ზომები საკმაოდ „პოპულარულია“, რადგან ისინი, თავდაპირველად, „მხოლოდ მდიდრებს“ ეხებათ – ანუ, იმ ადამიანებს, ვისაც „ზედმეტი ფული“ აქვთ: „ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური შეფასებით, გადასახადების ზრდა დაახლოებით ოთხ მილიონ ადამიანს შეეხება, რაც გადასახადის ყველა გადამხდელის არაუმეტეს 6 პროცენტია. მაგრამ აქ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია“.

ემიგრაციაში მცხოვრები პოლიტოლოგი და პუტინის ყოფილი სპიჩრაიტერი, აბას გალიამოვი ვარაუდობს – არც მთლად სრული სერიოზულობით: „ხელისუფლება ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდას გეგმავს, მაგრამ ათავისუფლებს მათ, ვინც ომში მსახურობდა. რადგან საბიუჯეტო სახსრები სწორედ მათთვის ფულის გადასახდელად გამოიყენება, ცხადია, რომ ამ „გმირების“ მომსახურებისთვის საჭირო ფული მოქალაქეებმა საკუთარი ჯიბიდან უნდა გადაიხადონ. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას ფრონტიდან ამ მებრძოლების დაბრუნების ეშინია. ეს სრულიად უსაფუძვლოა; სანამ ეს მოხდება, საზოგადოებას იმდენად შეზიზღდება ეს ხალხი, რომ დაინტერესებული პირები ომში მონაწილეობის დამალვას უფრო ეცდებიან, ვიდრე ამით ტრაბახს“.

„ლამბორგინები“ კვლავ პოპულარულია

იმავდროულად, კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, დიმიტრი კოლეზევი ირონიულად აღნიშნავს, რომ რეჟიმისადმი ლოიალურ რუსულ მედიასაშუალებებში ფრაზა „გადასახადების ზრდა“ ვერსად იპოვა და ყველგან ამ ტერმინის მხოლოდ პოეტური შეფუთვას წააწყდა: „უცხოურ საქონელზე დღგ წესდება, რაც გააძვირებს ყველაფერს, სპორტული ფეხსაცმელებიდან დაწყებული და სმარტფონებით დამთავრებული; რუსებს მეტის გადახდა მოუწევთ ავიაბილეთებსა და დრონების თავდასხმებისგან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში. და ეს, ალბათ, ცუდი ამბების ჩამონათვალის დასასრული ნამდვილად არ არის“.

„მოვლენები, თითქოს, მიჰყვება ცნობილ ფრაზას: „თუ პური არ აქვთ, ნამცხვარი ჭამონ“, – იხუმრა კიდევ ერთმა რუსმა ბლოგერმა (684,000 გამომწერი) და დასძინა, რომ რუსეთში რეგისტრირებული „ლამბორგინები“ „სარეკორდო სვლას“ აგრძელებენ – მარტო აგვისტოში, ძვირადღირებული ახალი იტალიური ავტომობილის შეძენით, 21-მა რუსმა ასიამოვნა საკუთარი თავს.

ბლოგერის დასკვნა ასეთია: „ეს უკვე აღარ არის კრიზისი, არამედ ახალი რეალობაა, რომელიც ომის დასრულებამდე გაგრძელდება. მიწოდების დეფიციტი სისტემური გახდება, რიგში დგომა კი – რუსების უმეტესობის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი“.

სტატიის ავტორი: პეტერ იუნგბლუთი, „ბავარიის რადიო“ (BR24 – Bayerischer Rundfunk)

ფოტოს ავტორი: ვიაჩესლავ პროკოფიევი, საინდორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი, 2026 წელი, 08:23 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი