Myway Airlines მგზავრთანაკადის შემცირებისა და სხვა მიზეზების გამო, თელ-ავივის გარდა, ფრენებს აჩერებს და მარტის ბოლოდან განაახლებს
Myway Airlines მგზავრთანაკადის შემცირებისა და სხვა მიზეზების გამო, თელ-ავივის გარდა, ფრენებს აჩერებს და მარტის ბოლოდან განაახლებს

ქართული ავიაკომპანია Myway Airlines მგზავრთანაკადის შემცირებისა და სხვა მიზეზების გამო, თელ-ავივის მიმართულების გარდა, მარტის ბოლომდე ყველა ფრენას აჩერებს. ამის შესახებ პირველ არხს კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, იგორ აფციაურმა განუცხადა.

„ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, იძულებულები ვართ, გავაუქმოთ რეისები, ეს ეხება ზამთრის სეზონს. რჩება მხოლოდ თბილისი-თელავივის რეისი. სხვა რეისები განახლდება მარტის ბოლოდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან. ეს გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით. ჩვენს პროგნოზთან შედარებით, უარესი შედეგი შეიქმნა მგზავრთნაკადის კუთხით. ასევე იმოქმედა ბოლო პერიოდში უკრაინაში განვითრებულმა მოვლენებმა. ჩვენ ჯერ ხარკოვის რეისი გავაჩერეთ, ახლა გვიწევს კიევის გაჩერებაც“, – აღნიშნა აფციაურმა.

Myway Airlines-ის წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ იგეგმება გაყიდვების მოქმედი სისტემის ცვლილება, რადგან მან სრულყოფილად ვერ იმუშავა. გარდა ამისა, იანვარ-თებერვალში თვითმფრინავების გეგმიური ტექნიკური შემოწმება განხორციელდება, რა პირობებშიც ყველა რეისის შესრულება რთული იქნებოდა.

აფციაური აცხადებს, რომ წლის დასაწყისში ავიაკომპანიას ნებართვებისა და სიხშირეების მიღებასთან დაკავშირებითაც ჰქონდა პრობლემები, რის გამოც ზაფხულის სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა. თუმცა, ამ კუთხით პრობლემები ამ დროისთვის არ არსებობს.

„გარდა ამისა, ჩვენ ადგილობრივი კომპანიებისგან ძალიან დიდ არაჯანსაღ კონკურენციას განვიცდიდით, თუმცა ესეც გავიარეთ“, – დასძინა აფციაურმა.

Myway Airlines-ის მგზავრები, რომლებსაც გაუქმებულ რეისებზე ბილეთები შეძენილი ჰქონდათ, შესაბამის კომპენსაციას მიიღებენ.

Myway Airlines ჩინური „ჰუალინგ ჯგუფის“ ინვესტიციით შეიქმნა და ფრენებს ამ დროისთვის ექვსი მიმართულებით ასრულებდა, მათ შორის რომში, ბუდაპეშტსა და ათენში.