მყისიერი გადახდების სისტემის შესყიდვის მიზნით ეროვნულმა ბანკმა ტენდერი გამოაცხადა
მყისიერი გადახდების სისტემის შესყიდვის მიზნით ეროვნულმა ბანკმა ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მყისიერი გადახდების სისტემის შესყიდვის მიზნით ღია საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, რომელიც მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურების დაცვით განხორციელდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ტენდერში მონაწილეობა ყველა იმ საგადახდო სისტემის მწარმოებელს შეეძლება, რომლებიც სატენდერო მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებენ.

როგორც სებ-ში აღნიშნავენ, სისტემის მწარმოებლები და მათთან დასაქმებული პერსონალი უნდა ფლობდნენ სათანადო გამოცდილებას რთული საგადახდო სისტემების წარმოებაში. სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 10 აპრილია. რაც შეეხება წინა სატენდერო (Pre-Bid Meeting) შეხვედრას, ის ტენდერში მონაწილეობის მსურველ მწარმოებლებთან მიმდინარე წლის 14 მარტს გაიმართება.

„მყისიერი გადახდების სისტემა არის ელექტრონული საცალო გადახდის გადაწყვეტა, რომელიც ხელმისაწვდომია 24/7/365, გადახდის შესრულება ხორციელდება იმავე მომენტში, მყისიერად და შესრულებისთანავე მიმღებისთვის თანხა დაუყოვნებლივ ხდება ხელმისაწვდომი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანერგილი სისტემით გადახდები განხორციელდება ლარში. მყისიერი გადახდის სისტემაში ჩართული იქნებიან კომერციული ბანკები და სხვა (არასაბანკო) საგადახდო მომსახურების პროვაიდერები. მომხმარებლებს გადახდების ინიცირებისთვის ყველა შესაძლო არხის და საშუალების გამოყენება შეეძლებათ, იქნება ეს ფილიალი, ინტერნეტბანკი, მობილური აპლიკაცია, QR კოდი და ა.შ.“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.