მყარი ნარჩენების მართვის კომპანია - რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება
მყარი ნარჩენების მართვის კომპანია - რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება

ქუთაისში დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოთქმულ ბრალდებებს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია პასუხობს.

კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროექტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით გაკეთდება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ადამიანებისა და გარემოს დაცვა მავნე ზემოქმედებისგან.

„უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მოსახლეობასთან და დიალოგის რეჟიმში ვსაუბრობთ რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს პროექტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით გაკეთდება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ადამიანებისა და გარემოს დაცვა მავნე ზემოქმედებისგან.

ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობასთან ერთად, პროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების მოგროვების, ქუჩების დასუფთავების სისტემის გაუმჯობესებას, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობას და არსებული მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახურვას. პროექტი გააუმჯობესებს რეგიონებში არსებულ საცხოვრებელ და ეკოლოგიურ პირობებს.

ტერიტორია, რომელზეც ნაგავსაყრელის მშენებლობა არის დაგეგმილი, საერთაშორისო ექსპერტებმა შეარჩიეს.  ახალი ნაგავსაყრელი 5 გადამტვირთავ სადგურთან ერთად, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 700 000-მდე მოსახლეს მოემსახურება. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში ნარჩენების მართვის ახალი, თანამედროვე სისტემის დანერგვის გზაზე.

ქვეყნის მასშტაბით არსებული სტატუსის მქონე ძველი მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელები 2023 წლისთვის დაიხურება და მათ 8 რეგიონული არა სახიფათო ნარჩენების, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ნაგავსაყრელი ჩაანაცვლებს.

ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყების შესახებ ხელშეკრულებას ხელი საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა და ფრანგულ-სლოვენიურ კონსორციუმსადე-რიკოს“ შორის  10 დღის წინ მოეწერა.

პროექტი ქართულ-გერმანული მხარეების ფინანსური თანამშრომლობით ხორციელდება. ადგილობრივ კონტრიბუციასთან ერთად, პროექტის დონორებიარიან: გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირებისფონდის გრანტი. პროექტის საერთო ინვესტიცია 26 მილიონი ევროა“,- ნათქვამია მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის განცხადებაში.

ქუთაისში იმერეთის გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. სოფელ ჭოგნარის მცხოვრებლები  სოფელ გოდოგანში ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი გარემოს დაბინძურების საფრთხეზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მშენებლობამ შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს.