მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩების“ მონაწილეთა მიღებას აგრძელებს
მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩების“ მონაწილეთა მიღებას აგრძელებს

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, პროექტის – „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, აგრძელებს მწვანე ბანაკის, „კლიმატის ელჩების“ მონაწილეთა შერჩევას.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ცნობით, ბანაკი, რომელიც 23-29 ივლისს ბაკურიანში გაიმართება, 15-17 წლის ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე მონაწილეთა გუნდური მუშაობის, კომუნიკაციის, პროექტების წერისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებას.

პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები, ლიდერებთან ერთად, შეიმუშავებენ ერთობლივ გარემოსდაცვით ინიციატივებს, რომლებიც ადგილობრივ დონეზე განხორციელდება. მონაწილეთა შერჩევა მთელი საქართველოს მასშტაბით ორ ეტაპად განხორციელდება. მონაწილეებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, შემდეგ ჩატარდება გასაუბრება.

პროგრამა ინკლუზიურია და მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისთვისაც ხელმისაწვდომია. მონაწილეებისთვის შესაბამისი პირობები იქნება უზრუნველყოფილი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 ივნისი.

ბანაკი „კლიმატის ელჩები“ ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, UNDP-ის პროექტის ფარგლებში – „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდისა (Green Climate Fund) და საქართველოსა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ცნობით, დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია პროექტის ადვოკატირების სპეციალისტი მარიამ აღდგომელაშვილი (ტელ: 579070299, ელ.ფოსტა: [email protected]).