მწერალთა შემოქმედებითი კავშირი – გარდაიცვალა საქართველოს დიდი მეგობარი, რეჟისორი, კინომსახიობი და მწერალი ალი ისაევ-ავარსკი, ვუსამძიმრებთ ოჯახს, ქართველ და დაღესტნელ ხელოვნების მოყვარულებს

09:00, 30.09.2025

საქართველოს მწერალთა კავშირი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა საქართველოს დიდი მეგობარი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, კინოაკადემიისა და მწერალთა კავშირის წევრი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, არაერთი პრემიის ლაურეატი, რეჟისორი, კინომსახიობი და მწერალი ალი ისაევ-ავარსკი, – ამის შესახებ საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი სოციალურ ქსელში წერს.

საქართველოს მწერალთა კავშირი გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„მას განსახიერებული აქვს ქართული ფილმის და საზღვარგარეთის კინოსტუდიების მიერ დადგმულ მხატვრულ ფილმებში მრავალი ეკრანული სახე. „დიდოსტატის მარჯვენა“, „გაქცევა გათენებისას“, „კავკასიური ტყვე“, „წიგნი ფიცისა“, „შამილი“ და სხვა. გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები საქართველოსა და დაღესტანზე. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და ქართველ და დაღესტნელ ხელოვნების მოყვარულებს. ალი ისაევ-ავარსკი დაიკრძალება მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში“, – ნათქვამია საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის სამძიმრის ტექსტში.

მსგავსი