მწერალთა სახლში ლანა ღოღობერიძის ოთხტომეულის პრეზენტაცია გაიმართება
მწერალთა სახლში ლანა ღოღობერიძის ოთხტომეულის პრეზენტაცია გაიმართება

მწერალთა სახლში ლანა ღოღობერიძის ოთხტომეულის პრეზენტაცია გაიმართება. კრებულში თავმოყრილია: „რაც მაგონდება და როგორც მაგონდება“ , „პარიზული ჩანაწერები“, „უოლტ უიტმენი“, ასევე, სხვადასხვა დროს ქართულ, რუსულ და ფრანგულ ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი სტატიები და ბოლო დროის ჩანაწერები. კრებულის ერთ ტომი წარმოადგენს სხვადასხვა ენიდან თარგმანებს.

ოთხტომეული ეძღვნება ლანა ღოღობერიძის 90 წლისთავს.

ქართველი კინორეჟისორი, დიპლომატი, მხატვარი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საქართველოს სახალხო არტისტი ლანა ღოღობერიძე დაიბადა 1928 წლის 13 ოქტომბერს. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, 1959 წელს დაამთავრა საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1992 წელს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა. 1999-2006 წლებში ელჩი ევროკავშირში. 2005-2008 წლებში – საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში.

ლანა ღოღობერიძის ფილმებმა არაერთი საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა. არის საბჭოთა კავშირის და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ვენეციის, ბერლინის, ტოკიოს, სან-რემოს და სხვა კინოფესტივალების პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე.

ოთხტომეულის გამოცემის მხარდამჭერნი არიან:
– საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
– ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
– საქართველოს კულტურის პალატა;
– საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი;
– ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაცია.

დატოვე კომენტარი