მწერალთა სახლში ლანა ღოღობერიძის ოთხტომეულის პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო]
მწერალთა სახლში ლანა ღოღობერიძის ოთხტომეულის პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო]

მწერალთა სახლში კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძის ოთხტომეულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში თავმოყრილია: „რაც მაგონდება და როგორც მაგონდება“ , „პარიზული ჩანაწერები“, „უოლტ უიტმენი“, ასევე, სხვადასხვა დროს ქართულ, რუსულ და ფრანგულ ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი სტატიები და ბოლო დროის ჩანაწერები. კრებულის ერთ ტომი წარმოადგენს სხვადასხვა ენიდან თარგმანებს.

ოთხტომეული ლანა ღოღობერიძის 90 წლისთავს ეძღვნება.

ლანა ღოღობერიძის თქმით, მისი წიგნი მთელი ცხოვრების ერთგვარი შეჯამება, ხოლო მეორე მხრივ – ეპოქის ანარეკლია.

„მნიშვნელოვანი მომენტია ჩემთვის და თან რაღაცნაირი ღელვის გამომწვევი, რადგან უდიდესი ნაწილი იქიდან, რაც დამიწერია, შეკრებილია ერთად, მთლიანად არა, მაგრამ მაინც დიდი ნაწილი. როდესაც ასე, გარკვეულ ასაკს მიადგები, ეს უკვე მთელი ცხოვრების შეჯამებაა. იმიტომ არის საინტერესო ჩემთვის, რომ ასე მგონია, მკითხველი დაინახავს, რატომ ვიცხოვრე, როგორ, რისთვის მოვედით საერთოდ ამქვეყნად. უტყუარია, რომ ყოველი ასეთი რამ, ასეთი შემაჯამებელი სიტყვები არის ეპოქის ანარეკლი. ჩვენი კატაკლიზმებით დატვირთული ეპოქა ყოველი ადამიანის ცხოვრებაზე ირეკლება და ვფიქრობ, ეს ნამდვილად უნდა ჩანდეს ამ წიგნში. საერთოდ ვფიქრობ, თუ მეტი ადამიანი დაწერს თავისი გამოცდილების შესახებ, მით უფრო სრული სურათი იქნება, თუ რა იყო ის 70 წელი. მერე ეს დამოუკიდებლობის წლები. ყველაფერი ერთად. რა იყო ჩვენი ქვეყნისთვის, რა იყო ყოველი პიროვნებისთვის, რატომ გვიჭირს დღესაც ასე ძალიან, რატომ ვერ გადავლახეთ შეურიგებლობა, დაპირისპირება, სიძულვილიც კი. რატომ? რატომ არ შეგვიძლია დავდგეთ ამაზე მაღლა და გავიგოთ, რომ მთავარი ფასეულობა ამქვეყნად მაინც ადამიანია, პიროვნება და ყველაფერი დანარჩენი იმას ემსახურება, რომ ადამიანმა, ყოველმა პიროვნებამ იგრძნოს თავი თავისუფლად და შეძლებისდაგვარად ბედნიერად“, – განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.

ქართველი კინორეჟისორი, დიპლომატი, მხატვარი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საქართველოს სახალხო არტისტი ლანა ღოღობერიძე დაიბადა 1928 წლის 13 ოქტომბერს. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, 1959 წელს დაამთავრა საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1992 წელს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა. 1999-2006 წლებში ელჩი ევროკავშირში. 2005-2008 წლებში – საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში.

ლანა ღოღობერიძის ფილმებმა არაერთი საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა. არის საბჭოთა კავშირის და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ვენეციის, ბერლინის, ტოკიოს, სან-რემოს და სხვა კინოფესტივალების პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე.

ოთხტომეულის გამოცემის მხარდამჭერნი არიან:
– საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
– ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
– საქართველოს კულტურის პალატა;
– საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი;
– ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაცია.