მწერალთა სახლში ალექსანდრე პოტიომკინის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
მწერალთა სახლში ალექსანდრე პოტიომკინის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

მწერალთა სახლში მწერალ ალექსანდრე პოტიომკინის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ესპანეთში მცხოვრები მწერალი, რომელის ნაწარმოებიც „რუსი პაციენტი“ ნობელის პრემიაზე წარადგინეს, დღეს მწერალთა სახლმა ქართული კულტურის რაინდის წოდებით დააჯილდოვა.

ალექსანდრე პოტიომკინის ნაწარმოებები მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე, მათ შორის ქართულადაც ითარგმნა. მწერალი და მეცნიერის შემოქმედების მთავარი თემა თანამედროვე სამყაროა. თუ როგორია სამყაროს განვითარების როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური კუთხე, როგორ უნდა გადარჩეს ადამიანი ამ სამყაროში და ადამიანთან ერთად თავად პლანეტაც სიცოცხლისუნარიანი დარჩეს.

მწერალმა ქართველი მკითხველის შეფასებები მის ფილოსოფიურ ნამუშევრებზე დღეს პირველად მოისმინა. პოტიომკინის თქმით, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ აღიქვეს მისი წიგნები საქართველოში, რადგან თავად სოხუმში დაიბადა და უამრავი ქართველი მეგობარი ჰყავდა.

„პირველად მოვისმინე ქართველი მკითხველის შეფასებები. ძალიან საინტერესო იყო ის, თუ როგორ აღიქვამენ და რეაგირებს ქართული კრიტიკა იმ ფილოსოფიურ პროზაზე, რომელიც დავწერე. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ქართველი მკითხველი. სოხუმში დავიბადე. დღემდე კითხვაზე, რა არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი უბედურება, ვპასუხობ, რომ ეს არის სოხუმის დაკარგვა. დიახ, სოხუმი დაკარგული ქალაქია. არ შემიძლია იქ ჩასვლა, არ შემიძლია ვუყურო იმ უცხო ადამიანებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ. იქ ჩემი ბევრი მეგობარი ცხოვრობდა, ახლო მეგობრები. მიუხედავად იმისა, რომ ქართული არ ვიცი, ძალიან კარგად ვსაუბრობ მეგრულად. ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, სოხუმი ისევ ქართული ქალაქი გახდეს“,- განაცხადა პოტიომკინმა.