მწერალთა სახლისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გიორგი ალიბეგაშვილის, იასუჰირო კოჯიმასა და მამუკა ჭანტურაიას ავტორობით წიგნი გამოიცა

16:30, 13.07.2026

მწერალთა სახლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გამოიცა წიგნი, რომლის ავტორები არიან გიორგი ალიბეგაშვილი, იასუჰირო კოჯიმა და მამუკა ჭანტურაია.

ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.

მათივე ცნობით, „შეხვედრა“ ორენოვანია და წიგნში ურთიერთშედარებითი კუთხით განხილულია ორი დიდი შემოქმედის – ვაჟა ფშაველასა და რიუნოსკე აკუტაგავას ნაწარმოებები: „ალუდა ქეთელაური“ და „სანემონის დანაშაული“.

„ქართველი და იაპონელი მკითხველი სიღრმისეულად გაეცნობა ერთმანეთის კულტურული ტრადიციების კონკრეტულ მასალას, როგორც მხატვრული, ასევე ისტორიული კუთხით.

ტექსტებში სოციალური გარემო, ტრადიციები, მსოფლმხედველობრივი წარმოდგენები მნიშვნელოვნად განსხვავებულია, მაგრამ რწმენა ვაჟკაცობისა, უდრეკობისა, პირუთვნელობისა მსგავსია.

კვლევით ნაწილს ერთვის „სანემონის დანაშაულის“ ზურაბ კიკნაძისეული ქართული და „ალუდა ქეთელაურის“ იასუჰირო კოჯიმას მიერ იაპონურ ენებზე ნათარგმნი ტექსტები.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი, რომლის წინ წამოწევაც სურთ პროექტის ავტორებს – გიორგი ალიბეგაშვილს, იასუჰირო კოჯიმას და მამუკა ჭანტურაიას – ისაა, არიან თუ არა დამნაშავეები ალუდა ქეთელაური და ჰოსოი სანემონი.

ნაშრომს თან ერთვის იაპონური ენის ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესებიც, რაც ამ რიგის ამოცანის გადაჭრის პირველი პრეცედენტია და ხელს უწყობს შუამავალი ენის გარეშე იაპონურიდან ქართულ ენაზე ბგერათშესატყვისობების მაქსიმალური სიზუსტით გადმოტანას“, – აღნიშნულია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი