მწერალ სალმან რუშდიზე თავდასხმაში ბრალდებული ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა
მწერალ სალმან რუშდიზე თავდასხმაში ბრალდებული ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა

მწერალ სალმან რუშდიზე თავდასხმაში ბრალდებული ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა. ამის შესახებ 24 წლის ჰადი მატარიმ „ნიუ იორკ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე მტკიცებით, სალმან რუშდი „თავს დაესხა ისლამს“.

ამასთან, მატარიმ არ დაადასტურა, რომ მისი ქმედებები ირანში 1980-იან წლებში გამოცხადებულ ფეტვას უკავშირდება.

სალმან რუშდიზე თავდასხმაში ბრალდებული ამჟამად ნიუ იორკის შტატის ციხეში იმყოფება.

75 წლის რუშდის ნიუ იორკის შტატში დაგეგმილი ლექციის დროს დაესხნენ თავს. მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ავტორი მძიმედ დაშავდა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. სალმან რუშდის რომან „ეშმაკეული აიების“ გამო წლებია, მკვლელობით ემუქრებიან. მუსლიმების ნაწილი მას მკრეხელობად მიიჩნევს. 1988 წელს გამოცემული რომანის გამო ირანის მაშინდელმა სულიერმა ლიდერმა ხომეინიმ ფეტვა გამოსცა. ეს გახლავთ რელიგიური განკარგულება, რომელიც სალმან რუშდის მკვლელობისკენ მოწოდებას ნიშნავს. ამასთან, რუშდის მკვლელობის სანაცვლოდ დააწესეს ჯილდო სამი მილიონი დოლარის ოდენობით. ფეტვა ახლაც აქტიურია, თუმცა ირანის მთავრობა მისგან დისტანცირდა.