მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერგვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერგვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) პრინციპის დანერგვის საკითხებზე დღეს საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის, სავაჭრო პალატების, ბიზნეს ასოციაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრა „ელექტრონული ნარჩენების მართვის შესაძლებლობების განვითარების პროექტის“ ფარგლებში შედგა, რომელიც გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად, გათვალისწინებულია ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების კანონქვემდებარე აქტის პროექტის დასრულება და ელექტრო და ელექტრონული პროდუქციის მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიების დახმარება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციის შექმნაში.
შეხვედრაზე ელექტრო და ელექტრონული პროდუქციის მწარმოებლებმა, იმპორტიორებმა და პროცესის მონაწილე სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა იმსჯელეს ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების კანონქვემდებარე აქტის პროექტზე.

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო ევროპული ქვეყნების გამოცდილება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერგვის  ორგანიზაციების, მოწყობისა და ოპერირების, მათ წინაშე მდგარი გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ. მონაწილეების მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება კონცეფციის შემუშავებაში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც, რომლებიც დაეხმარება ელექტრონული პროდუქციის იმპორტიორ და მწარმოებელ ორგანიზაციებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემაში მონაწილეობისა და შესაძლებლობების განვითარების კუთხით.

საქართველოს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ განსაზღვრული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ძალაში 2019 წლის დეკემბერში შედის და ითვალისწინებს კონკრეტული პროდუქციის მწარმოებლისა და იმპორტიორის მიერ პასუხისმგებლობის აღებას ადამიანისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებაზე. გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა მხარს უჭერენ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვას საქართველოში.