მუსტაფა ემრე ჩაბუქი - თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი
მუსტაფა ემრე ჩაბუქი - თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი

თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი, – ამის შესახებ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულმა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა სასამართლოს შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ლეგალურად თუ არალეგალურად, ის რომელიმე ტეროტრისტული დაჯგუფების წევრი ან მომხრე ვერ იქნებოდა.

„პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას ჩემს მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მეგობრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ​ომბუდსმენს ქალბატონ ნინოსა და ბატონ უჩას, ევროკავშირის წარმომადგენლებს ასევე მედიის წარმომადგენლებს. ცხრათვიანი პატიმრობის ვადა ამომეწურა დღეს. მე ვარ მასწავლებელი და ვარ შეყვარებული განათლებაზე. 15 წელია საქართველოში ვმოღვაწეობ იმ პრინციპით, რომ ბავშვებში ჩავუნერგო სიყვარული, მშვიდობა და მეგობრობა. ყოველთვის წინააღმდეგო ვარ ტერორიზმის. ათასობით მეგობრები, მოსწავლეები მყავს საქართველოში და ყოველთვის ჩვენი პროექტები და მოღვაწეობა ფასდებოდა დადებითად. მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობისგან, განათლების სამინისტროსგან დადებითად ფასდებოდა ჩემი საქმიანობა. ლეგალურად თუ არალეგალურად მე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები ვერც ერთი ტერორისტული დაჯგუფების წევრი ან მომხრე. მე მოვაწყობ ბრიფინგს და იქ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი”, -განაცხადა ჩაბუქმა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა მადლობა გადაუხადა უჩა ნანუაშვილს, ნინო ლომჯარიას, ევროკავშირისა და მედიის წარმომადგენლებს. მედიას ასევე, მადლობა გადაუხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლემ თუბა ჩაბუქმა. 

“მიჭირს ჩემი გრძნობების გამოხატვა. ახლა მნიშვნელოვანია შვილებს შევხვდეთ, ბავშვებმა ამის შესახებ არ იციან. მადლობა მედიას”, – აღნიშნა თუბა ჩაბუქმა.

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა ჩაბუქისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ დააკმაყოფილა. პროკურატურა 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, სასამართლომ კი, გირაოს რაოდენობა 1000 ლარზე განსაზღვრა.