მუსლიმური სამყარო რამაზან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს
მუსლიმური სამყარო რამაზან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს

მუსლიმური სამყარო დღეიდან, სამი დღის განმავლობაში რამაზან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაული თბილისში, ორთაჭალაში მდებარე ჯუმა მეჩეთშიც აღნიშნეს, სადაც სხვადასხვა ეროვნების მუსლიმი ადამიანები დილით, მზის ამოსვლისას შეიკრიბნენ და რამაზანის ლოცვა წაიკითხეს.

“დღეს უდიდესი დღესასწაულია. ჩვენ 29 დღის განმავლობაში ვიცავთ მარხვას, ბოლო დღეს კი აქ მოვდივართ ბაირამობის დღესასწაულზე და ვლოცულობთ. ამ დღესასწულს აქვს ძალიან დიდი მადლი”, – განაცხადა მეჩეთის იმამმა, რამინ ჰუსეინ ალიევმა.

მუსლიმების ამ მნიშვნელოვან და წმინდა დღესასწაულს წინ უძღვის რამადანის თვე, რა დროსაც მუსლიმები მარხვისა და ლოცვის განსაკუთრებულ წესებს ემორჩილებიან.

კერძოდ, 29-30 დღის განმავლობაში, მორწმუნეები მზის ამოსვლიდან მის ჩასვლამდე არ მიირთმევენ საკვებს და არ სვამენ წყალს. ასევე უარს ამბობენ თამბაქოს მოწევაზე, ღამით კი მსუბუქად ვახშმობენ და მზის ამოსვლამდე საუზმობენ. დღის საათებს უთმობენ შრომას, ლოცვას, ყურანის კითხვას და ქველმოქმედებას. მარხვისგaნ თავისუფლდებიან ავადმყოფები, ბავშვები და მოგზაურები. ხოლო, ისინი, ვინც რამადანის თვეში მარხვას ვერ დაიცავენ, გაცდენილ დღეებს წლის სხვა პერიოდში მარხვით ან ქველმოქმედებით ანაზღაურებენ.

რამადანი მთვარის კალენდრის მეცხრე თვეა და მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ალაჰმა მუსლიმებს წმინდა წიგნი ყურანი სწორედ ამ პერიოდში გაუგზავნა.