მუსლიმური სამყარო დღეიდან, სამი დღის განმავლობაში, რამაზან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს
მუსლიმური სამყარო დღეიდან, სამი დღის განმავლობაში, რამაზან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს

მუსლიმური სამყარო დღეიდან, სამი დღის განმავლობაში, რამაზან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს.

დღესასწაული თბილისში, ჯუმა მეჩეთშიც აღინიშნა, სადაც მრევლი დილით მზის ამოსვლისას შეიკრიბა და რამაზანის ლოცვა წაიკითხა.

მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პირადად მიულოცა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტისიასინ ალიევის განცხადებით, რამაზან ბაირამის დღესასწაულს მუსლიმები დიდი ზეიმით აღნიშნავენ. მისივე თქმით, დღესასწაული ორმაგად სასიხარულოა, რადგან რამაზან ბაირამს მათთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი ზეიმობს.

„დღეს მუსლიმი სამყაროსთვის ორ დიდ დღესასწაულთაგან ერთ-ერთი, რამაზან ბაირამია, რომელსაც ჩვენ – მუსლიმები დიდი ზეიმით აღვნიშნავთ. დღევანდელი ჩვენი ეს დღესასწაული ორმაგად გახდა ბედნიერი. პირველი იმიტომ, რომ დღესასწაულს ვზეიმობთ, მეორე იმიტომ, რომ საქართველოს პრეზიდენტი შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად გაიზიარა ეს სიხარული. საქართველოს მეთაურების მხრიდან უკვე ტრადიციად იქცა ჩვენი დღესასწაულების გაზიარება“, – განაცხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი მოვალეობაა, რამაზან ბაირამის დღესასწაული მუსლიმებს პირადად მიულოცოს.

„მათთვის ეს არის ძალიან დიდი დღესასწაული და მნიშვნელოვანია მგონი, რომ საქართველოს პრეზიდენტი მათთან ერთად არის ამ დღესასწაულის მოსალოცად. ჩემი მოვალეობაა, რომ აქ მოვიდე და ჩვენს მოქალაქეებთან ერთადაც მივულოცო მათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ ის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ზეიმობენ. დღევანდელ მსოფლიოში ეს მართლაც აღსანიშნავია. ჩვენი ერთობლივი მიღწევაა, რომ საქართველო არის შემწყნარებლობის ქვეყანა“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მუსლიმთა უდიდეს დღესასწაულს წინ უძღვის რამადანის თვე, რა დროსაც მორწმუნეები მარხვასა და განსაკუთრებულ წესებს იცავენ.

რამადანი მთვარის კალენდრის მეცხრე თვეა და მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ალაჰმა მუსლიმებს წმინდა წიგნი – ყურანი სწორედ ამ პერიოდში გაუგზავნა.