მურთაზ ზოდელავა - „ტელეიმედის“ საქმე შეკერილია
მურთაზ ზოდელავა - „ტელეიმედის“ საქმე შეკერილია

ხელისუფლება მეუბნება, შენ ხარ პირველი კატეგორიის მტერი და შენ დაგსჯით, ეს არის კონკრეტული მესიჯი, რომელიც დღეს ხელისუფლებისგან მივიღე, – ამის შესახებ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა,  მურთაზ ზოდელავამ მისი გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც „ტელეიმედის“ დარბევის საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა.

როგორც მურთაზ ზოდელავამ აღნიშნა, ტელეკომპანია “იმედის” საქმე მთლიანად შეკერილია და მასში ბრალდებულ არც ერთ ადამიანს დანაშაული არ ჩაუდენია.

“ამ საქმეზე ბრალდებულია მიხეილ სააკაშვილი, მურთაზ მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და საქმე არის აბსოლუტურად შეკერილი. არანაირი დანაშაული არც ერთ ამ ადამიანს, არ ჩაუდენია. ხელისუფლება მეუბნება, რომ შენც ჩადგები მათ რიგში, ანუ შენ ხარ ასევე მტერი, შენ ხარ პირველი კატეგორიის მტერი და შენ დაგსჯით. ეს არის კონკრეტული მესიჯი, რომელიც ხელისუფლებისგან მივიღე. ეს არ არის მხოლოდ პროკურატურა, ვიცით, რომ პროკურატურა იგივე ხელისუფლებას უდრის. ამიტომ ეს მესიჯი ჩემთვის გასაგებია, მაგრამ ვამბობ საჯაროდ, რომ ეს მესიჯი ჩემს მიერ უარყოფილია, მე არ მოვდივარ ამ რაღაც უაზრობაში, რადგან ეს შეუძლებელია და გააჩნია დროს. არანაირი შემხებლობა ამ საქმეზე არ მქონია და ასეთი პირდაპირი, უტიფარი მესიჯები ჩემთვის წარმოუდგენელია”, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

როგორც ყოფილი მთავარი პროკურორი აცხადებს, მისი მოლოდინი დადასტურდა და ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანაში დუმილის რეჟიმი შექმნას.

„არსებობს „იმედის” საქმე და არის მცდელობა, რომ ჩემი ამასთან დაკავშირება მოხდეს, რისიც ცხადია, არანაირი საფუძველი არ არსებობს. იცით, რომ ეს საქმე დიდი ხანია განიხილება, უკვე სასამართლოშია და იქაც მიმდინარეობს განხილვა. ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. „იმედთან“ შემხებლობა არასდროს მქონია. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც რაღაც მანიპულაციებში ოდესმე მონაწილეობდა, ამიტომ ერთადერთი მიზანი არის დუმილი, ანუ ეს არის პირდაპირი მესიჯი, რომელიც ჩემთვის გასაგებია. ამ მესიჯს ვეუბნები არას. არ ვაპირებ დადუმებას, მე მაქვს პასუხისმგებლობა სამეგრელოს რეგიონზე, გვყავს ბევრი ამომრჩეველი სამეგრელოს რეგიონში, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში არიან. ჩემთვის გასაგებია, ხელისუფლებას არ უნდა რომ ვილაპარაკოთ, მაგრამ ჩვენ ვილაპარაკებთ”, – განაცხადა ზოდელავამ.