მურთაზ ზოდელავა - სახალხო დამცველი მინისტრისგან თავდასხმის ობიექტი გახდა, არ გამოვრიცხავთ, ვითარება ბევრად მძიმე იყოს, ვიდრე დახეული ჯინსების ეპიზოდი
მურთაზ ზოდელავა - სახალხო დამცველი მინისტრისგან თავდასხმის ობიექტი გახდა, არ გამოვრიცხავთ, ვითარება ბევრად მძიმე იყოს, ვიდრე დახეული ჯინსების ეპიზოდი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მურთაზ ზოდელავას განცხადებით, წარმოუდგენელი ფაქტია, როცა საპარლამენტო ფორმატში პოლემიკის დროს, მინისტრი ფარულ ჩანაწერებს იყენებს.

ზოდელავას აზრით, სახალხო დამცველი დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისგან თავდასხმის ობიექტი გახდა.

„წარმოუდგენელია, როცა მიმდინარეობს პოლემიკა საპარლამენტო ფორმატში და აქ მინისტრი იყენებს რაღაც ფარულ ჩანაწერებს, არც მალავს იმას, რომ მისი დავალებით ხდება ამ ჩანაწერების გავრცელება. იმის ნაცვლად, რომ სახალხო დამცველის ყოველი სიტყვა იქნას გაანალიზებული, თვითონ სახალხო დამცველი გახდა უშუალოდ მინისტრისგან თავდასხმის ობიექტი. ჩვენ არ გვაქვს არანაირი გარანტიები იმასთან დაკავშირებით, რომ ქალბატონ ლომჯარიაზე არ მიმდინარეობს სხვა ისეთი ზეწოლები, რომელზეც ჯერ საქმის კურსში არ ვართ. რა ტიპის ჩანაწერებით, რა მანიპულაციებით ახდენენ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ახლა გავლენას ამ ადამიანზე, ეს ჩვენთვის უცნობია, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ვითარება ბევრად უფრო მძიმე იყოს, ვიდრე დახეული ჯინსების ეპიზოდი და სხვა ბერკეტებიც იქნეს გამოყენებული, რომ გააჩუმონ და დაადუმონ სახალხო დამცველი, რომელმაც დეტალური ინფორმაცია წარუდგინა საზოგადოებას. როდესაც სახალხო დამცველმა ამაზე ილაპარაკა პარლამენტში, ეს არ ყოფილა მიმართვა მხოლოდ წულუკიანისადმი ან „ქართული ოცნების“ რომელიმე დეპუტატის მიმართ, ეს ინფორმაცია გასაჯაროვდა ყველასთვის, ამიტომ მასზე რეაგირება უნდა იყოს კანონის ჩარჩოებში და არა ისეთი, როგორიც ჩვენ ვიხილეთ“ ,- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

ზოდელავას თქმით, აქვთ ეჭვი, რომ ნინო ლომჯარიაზე განხორციელდება ზეწოლები და სხვადასხვა მექანიზმი იქნება გამოყენებული, რათა ის გააჩუმონ.

მურთაზ ზოდელავას შეფასებით, თეა წულუკიანმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.

„ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ქალბატონ ლომჯარიაზე განხორციელდება სხვა ტიპის ზეწოლები, სხვადასხვა მექანიზმი იქნება გამოყენებული, რათა ის დადუმდეს და ამ თემას არასდროს შეეხოს. ამის უზრუნველყოფას, როგორც ჩანს, ახდენს მათ შორის ქალბატონი წულუკიანიც. ის არ მალავს, რომ იყენებს ამა თუ იმ ჩანაწერს და საჯარო დისკუსიაში შემოიტანა საკნებში გადაღებული კადრები, რაც ასევე პირდაპირი საფუძველია მისი სამსახურებრივი პასუხისმგებლობის, თანამდებობიდან გადადგომის“, – განაცხადა ზოდელავამ.